პოეტ ზვიად რატიანს, რომელსაც პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე 13 დღის წინ აქციაზე დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, 12 დეკემბერს თავს დაესხნენ.
ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მეგობარმა, კომპოზიტორმა არჩილ გიორგობიანმა განაცხადა „ტელეკომპანია პირველის“ პირდაპირ ეთერში და რატიანის ოჯახის წევრებმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს.
მას დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევრისთვის, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დაესხნენ თავს.
ის ამბობს, რომ მოსაყოლი ბევრი არაფერია: „სადარბაზოდან რომ გამოვედი ფეხი დამიდეს. მე რაც მახსოვს, ოთხნი იყვნენ. წავიბორძიკე, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ“, - ამბობს ის „ტვ პირველთან“.
რატიანი პოლიციამ 29 ნოემბრის ღამეს დააკავა პროევროპულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არსებობს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ზვიად რატიანს ათობით სპეცრაზმელი.
მას მოტეხილი ჰქონდა მეხუთე მალა, ასევე, გატეხილი ჰქონდა ცხვირის ძვალი და ძგიდე, თავსა და მთელ სხეულზე კი ჰქონდა სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები.
მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.