მათ შორის, ვინც ამ ამბავს ეხმაურებიან, არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა, ანა წითლიძე, მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო ბოჟაძე კი აცხადებს, რომ გახარიას ინციდენტი „პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის“ და „არის კონფლიქტი, რომელიც სასტუმროში მოხდა!"
მიხეილ სააკაშვილი
განახლება: მომხდარს ასევე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა მოკლე განცხადება:
„ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას. ხელისუფლება მიდის სისხლის ღვრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე“.
გიგი უგულავა
„სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტარები დაესხნენ“, - წერს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ფეისბუკზე.
ის ასევე წერს, რომ „დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას შვებოდა ადრე“:
„გახარია იყო შსს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში ზონდერ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ“.
„იქეთ რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ. ყველანაირი ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ“, - აცხადებს გიგი უგულავა.
ალეკო ელისაშვილი
პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ფეისბუკზე წერს:
„მხნეობა და სოლიდარობა გახარიას და მხნეობა და სოლიდარობა ზვიად ქორიძეს“.
„მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით. ანუ ვითომ იმ ტიპს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით ვეძგერე. გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ესეიგი ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა ხო?“ - წერს ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილი 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს „ქართული ოცნების“ წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით. მას ჯერ პატიმრობა შეუფარდეს, შემდეგ კი 4 000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს.
ანა წითლიძე
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე წერს:
„სწრაფი გამოჯანმრთელება და სოლიდარობა [გახარიას] და მის გუნდს. სოლიდარობა ზვიად ქორიძეს“.
წითლიძე ასევე წერს: „ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა წარსულს და ჩემს დამოკიდებულებას გახარიასთან. თავისუფალ სასამართლოში მოუწევს პასუხისგება, მაგრამ არა ცემით“.
„იყო დრო, @@@@@ უძვრებოდნენ გახარიას და ფეხსაცმელს ულოკავდნენ ეს ნაძირლები. ეს მაშინ, როცა ერთნი იყვნენ და ჩვენ გვალეწავდნენ ცხვირ პირს ან გვარბევდნენ. ახლა ტურებვით მიეპარნენ და ცემეს“, - წერს ანა წითლიძე ფეისბუკზე.
მამუკა ხაზარაძე
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მალევე გამოეხმაურა გიორგი გახარიაზე თავდასხმას:
„კრიმინალური, არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი აქციების დარბევის, მასობრივი დაპატიმრებებისა და რეპრესიების შემდეგ უკვე პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა. „ქართული ოცნების“ ვითომ პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი ზონდერები, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ნიღაბს უკვე მთლიანად იხსნიან. გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია“.
„გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, "ოცნების" კრიმინალურ ბანდას კი აუცილებლად გავიტანთ პოლიტიკური სცენიდან! ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, - დაწერა ხაზარაძემ.
ნიკა მელია
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია წერს: „ბათუმში, სასტუმრო შერატონში, ოცნების ზონდერი სამხარაძე და მისი დაჯგუფება ლაჩრულად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა გიორგი გახარიას“.
„ეს ქვეყანა ასეთი ვერ იქნება და არ იქნება. თუნდაც ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე და ვერ შევთანხმდეთ მომავალში, ვთანხმდებით - მომავლამდე უნდა მივიდეთ. ასეთი ანგარისშწორება განსხვავებულ აზრთან, არის რუსეთი, ეს საქართველოა“, - დაწერა მელიამ ფეისბუკზე.
რა მოხდა
14 იანვარს, გვიან ღამით, თვითმხილველების თქმით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას.
ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა კოლეგის, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამაღლობელს გახარიამაც გამოუცხადა მხარდაჭერა. ის ბათუმში ასევე იმყოფებოდა პარტიის, „საქართველოსთვის“, ახალგაზრდული ფრთის დაკავებული წევრების მხარდასაჭერად.
წუხანდელი ინციდენტის შედეგად გახარიას აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა.
თვითმხილველების თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები. ზვიად ქორიძის მონათხრობის თანახმად, გახარიაზე თავდასხმამდე იგივე პირები იმავე სასტუმროში მას დაესხნენ თავს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შეფასებით, „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა.