დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 3 თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებაზე საუბრობს.
როგორც მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი Facebook-ზე წერს, მან და მისმა კოლეგებმა გათავისუფლების შესახებ ახალი წლის წინა დღეს, 31 დეკემბერს გაიგეს.
მისი თქმით, საჯარო სექტორიდან მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით წმენდა მიმდინარეობს.
„31 დეკემბერს სასწრაფოდ გააუქმეს ჩემი შტატი ( ახალი კაბალური კანონის თანახმად, რადგან ამ დრომდე სამჯერ კონკურს გავლილი უვადო საჯარო მოხელე გახლდით) 1 იანვარს საქმის წარმოების სისტემაში შემთხვევით შესული მე და ჩემი ორი კოლეგა – განრიდება მედიაციის დეპარტამენტის უფროსი მორის ბარამია და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი – ნათია ალიაშვილი ვიგებთ, რომ სამსახურიდან გვათავისუფლებენ, თან „კეთილი ნება“ გამოიჩინეს და 1 თვით ადრე შეგვატყობინეს. აქვე ავღნიშინავ, რომ 15 წლის მანძილზე, არასოდეს არ მიმიღია არც საყვედური, არც გაფრთხილება, 2-ჯერ მაქვს მადლობის ჯილდო აღებული და ყოველთვის მოწინავე რიგებში ვიყავი სამუშაო ჯგუფებში, კონფერენციებსა თუ სხვადასხვა დელეგაციებთან შეხვედრის დროს“, – წერს ნინო ტყეშელაშვილი.
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე წერს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ალიაშვილიც, რომელიც 12 წელია საჯარო სამსახურში მუშაობს.
„ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, 1 წინადადებით, ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე სრულდება. მატყობინებენ, რომ 1 თებერვლიდან გათავისუფალი ვარ.
აქ ალბათ კითხვა, რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება უკვე როტორიკული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების“ მიხედვით მივიღე უმაღლესი შეფასება, ასევე 12 წლის განმავლობაში არ მქონია ერთი გადაცდომაც კი. ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს….
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეებს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ბევრი არაფერი შეგვიძლია, მე საჯარო მოხელის გარდა ჯერ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, პროფესიით სოციალური მუშაკი და აუცილებლად ვიბრძოლებ ჩემი და ჩემი კოლეგების სამართლიანობისთვის!“, – წერს ნათია ალიაშვილი.
„მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 31 დეკემბერს, 20:37 საათზე, თურმე, კანცელარიის პროგრამაში დამეწერა თანდართული შეტყობინება. ეს არის ნამდვილი საახალწლო საჩუქარი, რომელიც გუშინ ვნახე შემთხვევით და მთელი ცხოვრება მემახსოვრება“, – წერს კიდევ ერთი საჯარო მოხელე მორის (კობა) ბარამია.
მას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განრიდება მედიაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
„დიახ, პირველი თებერვლიდან ვემშვიდობები საქმეს, სამსახურს, რომელსაც ჩემი ცხოვრების 10 წელი მივუძღვენი უმაგრეს პროფესიონალებთან ერთად და ძალიან მიყვარს. 2014 წელს ამ სისტემაში ასისტენტის პოზიციაზე დავსაქმდი და ამ ათი წლის განმავლობაში, ნელ-ნელა, დაწინაურებებით 2020 წელს დავინიშნე დეპარტამენტის უფროსად. ახლა კი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ეფექტი მისი გამოქვეყნებიდან მე-2 დღეს გამოვცადე საკუთარ თავზე…
დიახ, ვამაყობ რომ პროფესიონალი ვარ, მაქვს პრეტენზია რომ ვარ კომპეტენტური იურისტი, მაგრამ ვაღიარებ, ამ უსამართლობამ დამანგრია, დროებით, მაგრამ მაინც,
რა მანერვიულებს? უსამართლობის შეგრძნების გარდა ის, რომ მეშინია წყალში არ ჩაიყაროს ეს შრომა. დაე ვიყო ბოლო ამ უსამართლობის მსხვერპლი, ოღონდ ეს დაწყებული საქმე გაგრძელდეს უმაგრესი შედეგებით, განვითარდეს და სხვამ იამაყოს იმით, რაც მე არ დამცალდა.
რა საქმეს ვაკეთებდი? ვხელმძღვანელობდი მიმართულებას, რომელიც შეზღუდული რესურსებით, ბავშვთა მართლმსაჯულების საკითხებზე (და არა მხოლოდ) მუშაობს, ყველაზე ჰუმანურია და ყველაზე აღდგენითი. მარტივად რომ ვთქვათ, სიკეთეს აკეთებს, ადამიანებს ეხმარება შერიგებაში, დიალოგში და ხელს უწყობს კანონთან კონფლქიტში მყოფ ბავშვებს კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. ეეჰ რამდენი იყო კიდევ გასაკეთებელი და როგორ გულიბრყვილოდ მჯეროდა რომ ისტორიას დავწერდი ძალიან მაგარ ადამიანებთან ერთად.
მქონდა მთავარი მიზანი, „აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებისთვის მიმეღწია და შემდეგ თავაწეული, ამაყი წავსულიყავი სისტემიდან რომ შვილებისთვის მომეყოლა, რომ ისტორია დავწერე უმაგრეს ადამიანებთან ერთად. ახლა კი ქრონიკულად იმედიან გულუბრყვილო ჩემს თავზე მეცინება.
რატომ მიშვებენ? დიახ, სწორად მიხვდით. შეგნებულად არ დავწერ იმ ორ სიტყვას, რომელიც ასე მეზიზღება და უსამართლობის, უსუსურობის შეგრძნებას მიჩენს. გასული ერთი თვე იყო ჯოჯოხეთური და ბოლომდე მჯეროდა, რომ ჩემი სამსახური განსხვავებული იყო და არ გადამაყოლებდა ჩემი აზრის გულრფელად გამოხატვას და იმ 3 თანამშრომლის დაცვის მცდელობას, რომლებსაც ხელშეკრულებები არ გაუგრძელდათ“, – წერს ბარამია Facebook-ზე.
28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა, რაც არაერთმა საჯარო მოხელემ ღიად გააკრიტიკა.
მას შემდეგ, რაც ასობით საჯარო მოხელე ღიად გაემიჯნა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, პარტიამ საპასუხო ზომად საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დაჩქარებულად შეცვლა გადაწყვიტა.
„ქართულ ოცნებაში“ ცვლილებების მიზნად სახელდება „საჯარო სექტორის გაჯანსაღება“ , მესამე სექტორსა და ოპოზიციაში მას არასასურველი კადრებისაგან საჯარო სამსახურის წმენდად აფასებენ.
ბოლო დღეებში არაერთმა საჯარო მოხელემ, რომელსაც კრიტიკული პოზიცია აქვს დაფიქსირებული „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, განაცხადა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.