თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ადასტურებს, რომ მეგობრობს ხამზატ ჩიმაევთან, - შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლთან ჩეჩნეთიდან.
ჩიმაევი, რომელიც რამზან კადიროვის მეგობარია, გასულ შაბათ-კვირას თბილისში კალაძესა და „ქართული ოცნების“ წევრ, ოლიმპიურ ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს, ასევე, ლაშა ბექაურს შეხვდა.
„ხამზატს რაც შეეხება, ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, წარმატებული სპორტსმენი. მე მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მიხარია, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას“, - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს 24 დეკემბერს.
მისი თქმითვე, ჩიმაევის ვიზიტი ტურისტული იყო: „მიზანი არაფერი, უბრალოდ, ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში და მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა“.
კითხვაზე, „ნორმალურია თუ არა, კადიროვის მხარდამჭერი, მისი ჯგუფის წევრი რომ ჩამოვის საქართველოში“, კალაძემ უპასუხა:
„ჩვენ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვმეგობრობთ. მე ადამიანთან პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, ვისაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება. ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი, მე ვინმესთან ვიმეგობრებ თუ არა“.
MMA-ის ჩეჩნური წარმოშობის მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა 23 დეკემბერს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტოსურათი, სადაც ის და კახა კალაძე ჩანან. მოგვიანებით ფოტოები გააზიარა კალაძემაც.
ხამზატ ჩიმაევი, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი გასულ შაბათ-კვირას იმყოფებოდა. მან 23 დეკემბერს დატოვა საქართველო და რუსეთში ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, ავტომობილით გაემგზავრა.