პოლიტიკური შეხედულები გამო, 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ მედიატორად მუშაობას – გიორგი აბულაძე

16 hours ago 4

მოქალაქე გიორგი აბულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრი პოლიტიკური შეხედულების გამო აღარ აგრძელებს მასთან თანამშრომლობას. უფრო კონკრეტულად, აბულაძე სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირებს მის საჯარო პოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ.

“ეს ყველაფერი ცალსახად უკავშირდება 30 ნოემბერს ჩვენს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რითაც პროგრამის მედიატორები გავემიჯნეთ მთავრობის გადაწყვეტილებას. გაგვათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული სამი მედიატორი, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ განცხადებას.

ვინც მიცნობს და იცის ჩემი ინტერესების შესახებ, ის მიხვდება რამხელა ტრაგედიაა ეს ყველაფერი ჩემთვის, ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობით. ეს არ არის რიგითი/უბრალო საქმე, რომელსაც რამის სანაცვლოდ ვაკეთებდი. ჩემთვის ეს არის ღირებულებითი სამუშაო, რომელსაც ვაკეთებ(დი), რადგან მწამს, შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო უკეთესი სოციალური გარემოს მშენებლობაში, დავეხმარო ახალგაზრდებს, მოვუსმინო და ვესაუბრო როგორც თანასწორს, რადგან ეს ძალიან სჭირდებათ და არავინ ამას არ აკეთებს მათთვის.

თამამად შემიძლია ვთქვა, ყველა საქმეზე, რომლებზეც ვიმუშავე, ჩემი მთავარი საფიქრალი იყო ის ახალგაზრდა და დაზარალებულო, ვისთანაც ვმუშაობდი. ერთად გვიხაროდა მედიაციის წარმატებით დასრულება და ერთადაც გვიტირია. მოუხედავად საქმის სირთულის, ჩადენილი დანაშაულის შინაარსის თუ მხარ(ეებ)ის დამოკიდებულებისა, არასდროს არ მიმოქმედია მხარეების ინტერესის, როგორც ჩემთვის საქმიანობის უმაღლესი ღირებულების, საწინააღმდეგოდ. ყველაზე მეტად გული მტკივა იმ საქმე(ებ)ზე, რომელზეც უნდა მემუშავა”, – წერს აბულაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მომდენო წლიდან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი გუშინ, 26 დეკემბერს უთხრეს – შვებულებაში მყოფს დაურეკეს და სატელეფონო ზარით აცნობეს.

გიორგი აბულაძე არ არის ერთადერთი თანამშრომელი, რომელსაც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 2025 წლიდან ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მსგავსი შინაარსის ზარი 10-მდე სოციალურმა მუშაკმა მიიღო. აბულაძის მსგავსად, ისინიც ამ გადაწყვეტილებას მათ პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებენ.

დღეს, 27 დეკემბერს პრობაციის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც უარყოფენ თანამშრომლებთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის პოლიტიკურ მოტივებს. თუმცა, არც იმას განმარტავენ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ისინი მხოლოდ იმას უსვამენ ხაზს, რომ ამ გადაწყვეტილებით კანონი არ დაურღვევიათ.

თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ. ხაზგასასმელია, რომ ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა”, – წერია განცხადებაში.

უწყებაში “ნეტგაზეთს” არ უთხრეს არც ის, აიყვანენ თუ არა ახალ თანამშრომლებს გათავისუფლებულთა ნაცვლად.

2025 წლიდან ხელშეკრულებას არ უგრძელებენ სხვა საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ნაწილსაც.

სრულად წაკითხვა