პოლიცია მობილიზებულია „თბილისი მოლთან“, სადაც დღეს საპროტესტო აქციაა დაანონსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“, — აცხადებს შსს და აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდებს, „პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში“ გამოხატონ.
„წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.