პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობამ დაარღვია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო სამიზნეები ჩამოაგდეს.
განცხადებაში რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას აგრესიის აქტი უწოდეს.
“რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე დღევანდელი თავდასხმის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით უპრეცედენტო დარღვევა. ეს აგრესიის აქტი არის რეალური საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის.
შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურის ბრძანებით, თავდაცვითი ზომები დაუყოვნებლივ იქნა მიღებული.
პოლონური და მოკავშირეების საშუალებები ათეულობით ობიექტს რადარით აკვირდებოდა და პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდალმა გადაწყვიტა იმ ობიექტთა უვნებელყოფა, რომლებსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნათ. ზოგიერთი დრონი, რომელიც ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა, ჩამოგდებულ იქნა. მიმდინარეობს ამ ობიექტების ჩამოვარდნის შესაძლო ადგილების ძიება.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკონტროლებს ამჟამინდელ სიტუაციას, პოლონეთისა და მოკავშირეების ძალები რჩებიან მორიგი ოპერაციებისთვის სრულ მზადყოფნაში.” – წერია განცხადებაში.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ NATO-ს გენერალური მდივანი ქვეყნის საჰაერო სივრცის “ობიექტების” მიერ დარღვევისა და მათ წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ ტუსკმა X-ზე დაწერა. მას არ უხსენებია, რომ “ობიექტები” რუსული იყო.
“შევატყობინე NATO-ს გენერალურ მდივანს ამჟამინდელი სიტუაცია და ქმედებები, რომლებიც მივიღეთ იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებმაც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე.” – წერს ტუსკი.