WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პოლონეთი საჰაერო თავდაცვის წესებს ცვლის, რათა პოტენციურ საფრთხეებზე უფრო სწრაფი რეაგირების საშუალება მიეცეს.

კერძოდ, ცეცხლის გახსნამდე ვიზუალური იდენტიფიკაცია აღარ იქნება სავალდებულო, თუ სხვა ინფორმაცია საკმარის იდენტიფიკაციას უზრუნველყოფს.

ცვლილება მიზნად ისახავს საჰაერო საფრთხეებზე, მათ შორის რეაქტიული ძრავის მქონე დრონებსა და ფრთოსან რაკეტებზე, უფრო სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას.

პროცედურების შეცვლის გადაწყვეტილება პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდალმა, გენერალმა ირენეუშ ნოვაკმა მიიღო.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პოლონეთი ცვლის მტრულად მიჩნეულ საჰაერო ობიექტებზე რეაგირების წესებს და ცეცხლის გასახსნელად სავალდებულო წინაპირობად ვიზუალურ იდენტიფიკაციას აუქმებს.

მისი თქმით, ეს ცვლილება საჰაერო ომში არსებულ ახალ ტენდენციებს, მათ შორის, რუსეთის მიერ რეაქტიული დრონების გაზრდილ გამოყენებას  და ისეთი საფრთხეების წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების აუცილებლობას პასუხობს, როგორიცაა ფრთოსანი რაკეტები.

აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერს შუადღისას რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა დასავლეთ უკრაინის სამიზნეებზე. რუსული დრონი უკრაინა-პოლონეთის გამშვებ პუნქტთან, უკრაინულ მხარეს ჩამოვარდა. პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა მეზობელ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე საჰაერო იერიშის საფრთხის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს. აღმოსავლეთ პოლონეთის მოქალაქეებს თავშესაფრებისკენ წასვლისკენ მოუწოდეს, რადგან ქალაქ ლუბლინში განგაშის სირენები ჩაირთო.

მანამდე, 17 სექტემბერს, დასავლეთ უკრაინაზე თავდასხმის დროს პოლონეთის საზღვარს რუსული დრონი მიუახლოვდა. წარსულში, 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის მარტში, რუსული ფრთოსანი რაკეტები პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც შეიშჭრა.