WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პოლონეთის საზღვართან ახლოს უკრაინაზე რუსეთის იერიშების გამო პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა თათბირი მოიწვია ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებისა და წარმომადგენელთა მონაწილეობით. ამის შესახებ TVN24 იუწყება.

„როგორც ველოდით და როგორც არაერთხელ აღვნიშნავდი, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ესკალაცია რეალობად იქცევა და მისი მაგალითები სულ უფრო უახლოვდება ჩვენს საზღვარს“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან დასძინა, რომ „უახლოესი კვირები და თვეები გახდება რუსეთის მხრიდან ძალიან ინტენსიური აქტივობის პერიოდი და, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ესკალაცია ჩვენს ტერიტორიასაც შეეხოს“.

„ჩვენ ნერვიულობა არ გვსურს და ემოციები აქ სრულიად უადგილოა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად უნდა ვიყოთ მზად ერთობლივი პასუხისთვის“, აღნიშნა მან.

დღეს ცოტა ხნით ადრე პოლონეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსეთის დრონი თავს დაესხა კიევი-ვარშავის მატარებელს. უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში მიიტანა სარკინიგზო ხაზზე, რომლითაც მთელი ომის განმავლობაში ჩადიოდნენ კიევში უცხოური სახელმწიფოების ლიდერები. უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს პოლონეთის სამხედროებმა ჰაერში ააფრინეს გამანადგურებლები, ხოლო უსაფრთხოების ძალებმა სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებისთვის გაფრთხილება გამოსცეს.