პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა.
პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ნაცვლად დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობდა „ბათუმელების“ წარმომადგენელი ირმა დიმიტრაძე - ჯილდო მას საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გადასცა.
ამაღლობელს ეს ჯილდო, რომელიც პოლონელი ანტი-საბჭოთა დისიდენტის სახელობისაა, გადაეცა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის აღიარების ნიშნად.
„ნეტგაზეთი“ წერს, რომ დაჯილდოების ცერემონიას 30 სექტემბერს ესწრებოდა თავად ლეხ ვალენსაც, 83 წლის ნობელიანტი ექსპრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა:
„ახლა საქართველოს დახმარების ჯერია. ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო - მზია ამაღლობელს. ის არის კორუფციასთან მებრძოლი ქართველი ჟურნალისტი, ორი დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალების დამფუძნებელი“.
ლეხ ვალენსას განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წელს მზია ამაღლობელს პოლიტიკური მოტივით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, „რითაც იგი დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ქალი პოლიტპატიმარი გახდა“.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).
- 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
- იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით, გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე აღარ განიხილა.
- პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.
radiotavisupleba ახალი ამბები