საქართველოს ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლომის მიტროპოლიტ ანტონის ხელმძღვანელობით.
დელეგაციას საქართველოს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ მიიღო.
„საუბარი ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამისადმი, მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით. საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და საფუძვლად უდევს. და ამიტომ, გზები არის საპოვნელი იმისათვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი ეს პრობლემები. ითქვა ის, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვისაც და სრულიად საქართველოსთვის“, — განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული, რომ „არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს“.
„გაიხსენეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი. ასე რომ, მთლიანობაში ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა, შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს იმისათვის, რომ აი ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს“, — დასძინა ჯაღმაიძემ.
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, დელეგაცია საქართველოში 28 სექტემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ლოცვა-კურთხევით ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დელეგაციას გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი თბილისში ვლადიმერ ალექსანდროვი და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი დმიტრი ოლისოვი დახვდნენ.
29 სექტემბერს რუსულმა დელეგაციამ მცხეთაში, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი, სამთავროს მონასტერი და სიონი მოინახულა.
საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.
netgazeti