WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გამოყვანაზე სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ბოლო ამერიკული ძალები ტოვებენ ერაყს! დიდი ხნის წინ, უპირველეს ყოვლისა ძალიან ცუდი გადაწყვეტილების შედეგად, ჩართული აღმოვჩნდით ამ ჭაობში, თუმცა ეს მალე ისტორიად იქცევა. ეს არის ამერიკისთვის დიდებული დღე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვტოვებთ ერაყს, რომელსაც ჰყავს შესანიშნავი ახალი პრემიერმინისტრი ალი ალ-ზაიდი, რომელსაც თავიდანვე მხარს ვუჭერდი. მან გაიმარჯვა არჩევნებში, რომელშიც მისი გამარჯვება მოსალოდნელი არ იყო და მან გაიმარჯვა დიდი უპირატესობით!".

დონალდ ტრამპი ერაყში სამხედრო ოპერაციისთვის აკრიტიკებს წინამორბედ სამ პრეზიდენტს:

"2003 წელს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას დაწყებული, 2014 წელს ბარაკ ჰუსეინ ობამას ადმინისტრაციის დროს და მძინარე ჯო ბაიდენის მიერ გაგრძელებული, ოპერაცია Inherent Resolve 2026 წელს სრულდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობით. ეს დღე არის გამარჯვება აშშ-სთვის, გამარჯვება ერაყისთვის და გადამწყვეტი გამარჯვება ISIS-ზე, რომელიც სხვა ძალიან ცუდ მოთამაშეებთან ერთად სრულად განადგურდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, პირველ ვადაში".

პრეზიდენტი ტრამპი ერაყიდან გასვლას ადარებს ავღანეთის დატოვების ოპერაციას:

"ავღანეთისგან განსხვავებით, სადაც სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი და ყველაფერი დარჩა და 13 მებრძოლი დაიღუპა, მრავალი მძიმედ დაიჭრა, ირბილის საჰაერო ბაზიდან კოალიციის ძალებისა და ტექნიკის ეს მოწესრიგებული გაყვანა აღნიშნავს „ჯოჯოხეთში“ ძალიან ძვირადღირებული ექსკურსიის დასრულებას. მე დავსახე მკაფიო მისია, მივეცი სარდლებს ინსტრუმენტი, რომ ეს დაესრულებინათ და უარი ვთქვი დროებითი ყოფნის პერმანენტულ ყოფნად ქცევაზე".

თავის განცხადებას დონალდ ტრამპი ასრულებს იმის აღნიშვნით, რომ ისიც იდგა არჩევანის წინაშე - გამოეყვანა, თუ დაეტოვებინა ამერიკელი სამხედროები ერაყში:

"მე მქონდა არჩევანი დარჩენასა და გამოსვლას შორის და მე უყოყმანოდ მივიჩნიე, რომ ახლა იყო ამერიკის შინ დაბრუნების დრო! პრემიერმინისტრი ალ-ზაიდი შესანიშნავია და ვიმედოვნებ ის ძალიან კარგად შეძლებს თავის გართმევას. ჩვენ მივედით ხალიფატთან გასამკლავებლად. ხალიფატი აღარ არის. ჩვენ ვბრუნდებით შინ!".

ერაყის გათავისუფლების ოპერაცია 2003 წლის 20 მარტს დაიწყო, როცა აშშ-ის ლიდერობით შექმნილი კოალიციის ძალები შევიდნენ ერაყში და ამის საფუძვლად გამოცხადდა ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობა. თავდაპირველმა ინტენსიურმა დაბომბვებმა შეარყია და კვირებში ჩამოშალა სადამ ჰუსეინის 30-წლიანი მმართველობა.

მასობრივი განადგურების იარაღი არ იქნა აღმოჩენილი. კონფლიქტი კი გადაიზარდა გაჭიანურებულ შიდა დაპირისპირებაში. ყველაზე მეტი - 170 ათასი სამხედრო აშშ-ს 2007 წელს ჰყავდა განთავსებული ერაყში.

2014 წლიდან აშშ ჩაერთო ოპერაციაში Inherent Resolve, როცა ქვეყნის თითქმის მესამედი ISIS-ს ჰქონდა დაკავებული. ბოლო 12 წლის განმავლობაში მისია კონცენტრირებული იყო წვრთნასა და ერაყის ძალებისთვის ტერორისტულ ჯგუფებთან გამკლავებაში დახმარებაზე.

ერაყშ 4500-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ათეულობით ათასი დაიჭრა.

აშშ-ის ერაყიდან გასვლას ირანი გამარჯვებად აცხადებს.