პრეზიდენტი ახალი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნისკენ მოუწოდებს და მზად არის ივანიშვილს შეხვდეს

1 week ago 1

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. მან განაცხადა, რომ არჩევნები დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს და აღნიშნა, რომ მზად არის შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს ახალი არჩევნების საკითხის განსახილველად.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანია  იყო განეხილათ „დღეს სად ვართ“ და ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ ვართ ახალ ეტაპზე იმის შემდეგ, რაც ეუთო/ოდირმა დადო თავისი [საბოლოო დასკვნა არჩევნების შესახებ“. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც ელოდნენ ამ დოკუმენტს, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიეღოთ.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა ასახავს ყველა დარღვევას, თუ რა მეთოდებითა და გზებით მოხდა არჩევნების გაყალბება. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირი, თავისი მანდატიდან გამომდინარე, არ აკეთებს პოლიტიკურ შეფასებას, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტში მოცემული შეფასები საკმარისია იმის სათქმელად, და რეალურად ანგარიშშიც ნათქვამია, რომ ამ დარღვევებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებსა და მოქალაქეთა ნდობაზე.

მისი თქმით, ეს კიდევ უფრო აძლიერებს ახალ არჩევნების საჭიროებას და საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების სხვა გზა არ არსებობს. „ჩვენ დავსახეთ დღეს შეტევის სტრატეგია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ახალი ეტაპი გულისხმობს ყველა შესაძლო ზეწოლას რეჟიმზე ახალი არჩევნების დანიშვნის მიზნით.

„ამ პირობებში არ შეიძლება იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა… არ არსებობს ისტორიაში და პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როცა ნდობა არ არსებობს არჩევნების, როცა ნდობა არ არსებობს ხელისუფლების, როცა ხელისუფლება გადართულია ტყუილებზე იმისთვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, დიდი დრო აღარ რჩება, რადგან „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით იღებს ახალ კანონებს იმისთვის, რომ „ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე“. „ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სახის ზეწოლა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რათა ვაიძულოთ ივანიშვილი, დანიშნოს ახალი არჩევნები“.

სალომე ზურაბიშვილმა დასძინა, რომ „ამისთვის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან ადვილია და ამას არ სჭირდება ბევრი ბჭობა“. მან განაცხადა: „მე პირადად მზად ვარ, რომ როცა უნდა შევხვდე. მე ვიცი, რომ გარედან ძალიან ბევრი იქნება მზად იმისთვის, რომ ჩამოვიდეს და მასზე ზეწოლა განახორციელოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს!“

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მომდევნო დღეს, საღამოს 9 საათზე პარლამენტის წინ სიტყვით მიმართავს აქციის მონაწილეებს. „ჩვენ ერთად დავაფიქსირებთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი არ იქნება და ეს არის მთელი ქვეყნის მოთხოვნა“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა