საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 29 დეკემბერს ორბელიანების სასახლესთან სიტყვით მიმართა ხალხს, სწორედ მაშინ, როცა პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობდა. მისი თქმით, ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო ხალხია და ამ ლეგიტიმაციას თან წაიღებს. სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, დატოვოს ორბელიანების სასახლე და გააგრძელოს მუშაობა, როგორც ქვეყანაში ერთადერთმა ლეგიტიმურმა ინსტიტუტმა.
სიტყვის გამოსვლისას, მან განაცხადა: „მინდა, რომ ახლა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები”.
„6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ეს შენობა არავისი არაა, ეს შენობა იყო სიმბოლო, სანამ აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაიხსენა, რომ მან დრო მისცა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და ახალი და სამართლიანი არჩევნების თაობაზე შეთანხმებისთვის. მისი თქმით, პასუხი იყო მუქარა მის მიმართ, ასევე ცინიზმი, რეპრესიები, ძალადობა და ომი ხალხისა და მათი ნების წინააღმდეგ. „პასუხია ის პაროდია, რაც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ამ სახელმწიფოს ეს არ ეკადრება“, – განაცხადა მან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული, სანქცირებული და დაბოღმილები“ უწოდა.
„ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი და მშვიდი. ჩვენთან არის სიმართლე, რადგან ჩვენთან არის სიყვარული – ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ, რომელიც მშვიდობაზე ლაპარაკობდა, არა მხოლოდ დაიწყო ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არამედ გაანადგურა დაახლოების ყველა წერტილი სპორტში, კულტურაში, ეკლესიაში და დაყო საზოგადოება.
ზურაბიშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ ქვეყანა „ტოტალურ კრიზისში“ შეიყვანა, ჯერ „არჩევნების ტოტალური გაყალბებით“, შემდეგ არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რომ ქვეყანა სრული იზოლაციით რუსეთის ორბიტაში დააბრუნოს, რათა ხელი შეუწყოს რუსეთის დიქტატურის დამკვიდრებას. მან აღნიშნა, რომ ამ კრიზისმა რეჟიმში ბზარები გამოიწვია, რა დროსაც ზოგიერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნა, ხოლო ბიზნესმა ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა ამოიღო.
სამომავლო გეგმები
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველამ უნდა განაგრძოს თავისი საქმის კეთება იმ ფონზე, როცა ხალხი სოლიდარულად დგას და პროტესტს განაგრძობს, დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. მან ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ, რადგან მმართველი პარტია დათმობაზე წავა.
ახალ არჩევნებთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ყოვლისმომცველ დოკუმენტზე, რომელიც შეიცავს ყველა დეტალს, თუ რა უნდა გაკეთდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხმის მიცემის ფარულობის დაცვა და ხმის მიცემის უნივერსალურობა. მისი თქმით, დოკუმენტი მალე გასაჯაროვდება.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკაში შესვლით დაინტერესებულ ადამიანებს მოემზადონ ახალი – გარდაუვალი – არჩევნებისთვის. მან ასევე მოუწოდა თავისუფალი მედიის, როგორც ნებისმიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილის დაცვისკენ. რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით მან ხაზი გაუსვა დაპატიმრებულთა, დაჯარიმებულთა და საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულთა მხარდასაჭერად შექმნილი ფონდების გაძლიერების აუცილებლობას. მან აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს ესაჭიროებათ ადვოკატების დახმარება, რასაც მიიღებენ.
პრეზიდენტმა ასევე დააანონსა ვიზიტები რეგიონებში დემონსტრანტებთან შესახვედრად, ასევე შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან, მათ შორის ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა შეადგინონ გეგმა ფინანსური კრიზისიდან გამოსვლისთვის, რომლის წინაშეც ქვეყანა მალე აღმოჩნდება. ასევე გაიმართება შეხვედრები საჯარო მოხელეებთან იმის საჩვენებლად, რომ ისინი დაცულები იქნებიან უახლოეს კვირებში ან თვეებში, შეხვედრები ახალ პოლიტიკურ ძალებთან და ახალგაზრდებთან, რომლებიც მომავალში შევლენ პოლიტიკაში.
„მე წავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ გააგრძელებს ვიზიტებს დასავლეთის ქვეყნებში, საიდანაც უკვე მიიღო მოწვევები რამდენიმე ღონისძიებაზე დასასწრებად.
„31 დეკემბერს, რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს იმიტომ, რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, ბედნიერი, მშვიდობიანი და გამარჯვებული”, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/12/2024 – „მე ვრჩები პრეზიდენტად”, ამბობს სალომე ზურაბიშვილი და დასავლეთისგან უფრო მტკიცე პოზიციას ითხოვს
- 22/12/2024 – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ივანიშვილს ახალ არჩევნებზე მოლაპარაკება შესთავაზა
- 22/12/2024 – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს პატიმრობით ემუქრება
- 20/12/2024 – პრეზიდენტი იტალიის სენატს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისსა და ევროპულ მისწრაფებებზე სიტყვით მიმართავს
This post is also available in: English (ინგლისური)