პრეზიდენტის ადმინისტრაცია: საზმაუ არ ახდენს საზოგადოების სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმირებას პრეზიდენტის შესახებ

3 days ago 2

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 18 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა. ადმინისტრაციამ ხაზი გაუსვა, რომ მაუწყებელმა „სრულყოფილი და ობიექტური“ ინფორმაცია არ მიაწოდა საზოგადოებას პრეზიდენტის შესახებ.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ვალდებულება აქვს უზრუნველყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და რომელიც ამტკიცებს, რომ  არის დაბალანსებული და ობიექტური მედია, პირდაპირ ეთერში არ აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტისადმი მიმართვას; ეს ხდება ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისისა და უპრეცედენტო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, იმ დროს, როცა გადასარჩენია ქვეყნის ევროპული მომავალი“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ფართოდ ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გავრცელებაში და ოპოზიციური შეხედულებებისთვის საეთერო დროის არ მიცემაში. არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა. არხს ადრე უფლებადამცველები სერიოზულ მიკერძოებაში ადანაშაულებდნენ, რამდენიმე ჟურნალისტმა კი ის ცენზურაში ამხილა. არხი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. 2024 წელს მისმა დაფინანსებამ 110.3 მილიონი ლარი შეადგინა.

რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების დროს, რამდენიმე აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გაიმართა საეთერო დროის და მისი ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით. შედეგად, აქტივისტებს გარკვეული დრო დაეთმოთ, თუმცა არხის მენეჯმენტში ცვლილებები ამ დრომდე არ განხორციელებულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა