რუსთაველის გამზირზე მისულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებსა სიტყვით მიმართა და დაადასტურა, რომ ის თანამდებობაზე რჩება. მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს 29 დეკემბრამდე პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლისა და ახალი არჩევნების თარიღზე მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტის გამოვლისას პირდაპირი ჩართვა რამდენჯერმე შეწყდა ტექნიკური ხარვეზების გამო. აქციის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა:
„ესაა ძალიან სიმბოლური ადგილი, სადაც ახლა ვდგავარ თქვენ წინაშე. ამ სკოლაში სწავლობდა მამაჩემი. ჩემს ზურგს უკან ილია და აკაკი გვიყურებენ და უყურებენ ამ ახალ საქართველოს, რომელიც უკვე დაიბადა თქვენით. რომელიც ხვალ, ზეგ, იქნება ძალიან ძლიერი, ძალიან ევროპული საქართველო. ამას ვერავინ გააჩერებს. მართალია, თქვენ აქ რაღაც 300 კაცი ხართ [სარკასტული მინიშნებაზე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრება მიმდინარე საპროტესტო აქციებს], მართალია, დაგვიპატიმრეს სცენა და მიკროფონები და თან ორჯერ, მართალია, რომ მე დამპირდნენ, რომ გისოსებს მიღმა ვიქნები მალე, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია.
არ გვეშინია, იმიტომ რომ აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი ბევრ ტყუილს შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება. დღეს აქ მრავალთა მარშს შორის მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც იყო ანწუხელიძის მარში და სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვარ მე ვალდებული, ხართ თქვენ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსი, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დათმო და ანწუხელიძესთან ერთად, ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომელთა გამოც აქ ვდგავართ, თორემ არ ვიქნებოდით, თორემ საქართველო არ იქნებოდა, მაგრამ საქართველო არასდროს ეგუება, საქართველო არასოდეს არ თმობს, როცა მართალია და მართალია საქართველო და მართლები ხართ თქვენ.
და მე მინდა გითხრათ, რას გავაკეთებთ: პირველ რიგში, მე რას გავაკეთებ. მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე ფიცი 6 წლის წინ დავდე. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული, იმ ქართული ჯარის, ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ. ასევე, ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს, გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, არავინ ჩათვალოს, რომ მე არა ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები.
მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე. 29-მდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, რომ ამ ქვეყნიდან მთელ მსოფლიოში წავიდეს დემოკრატიის, შერიგების, წინსვლის მაგალითი. ველოდები პასუხს. ეს ყველაფერი რომ ნათელი იყოს, ხვალ, საღამოს სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა, არამედ, როგორც ჩანს, ხმაც დამიპატიმრეს. მაგრამ, არაფერი იქნება. შევხვდებით და გელოდებით“.
ზურაბიშვილის გამოჩენამდე საქართველოსა და ევროპის ჰიმნები გაისმა. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული ტრაექტორიის აღდგენას მოითხოვდნენ. მასობრივი საპროტესტო აქციები, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოყვა, პოლიციის ძალადობრივი დარბევისა და რეპრესიების მიუხედავად, 25-ე დღეა გრძელდება.
This post is also available in: English (ინგლისური)