პროკურატურა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

1 hour ago 2

პროკურორები თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 7 აგვისტოს მიმართევან ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრუწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. საქმის პროკურორმა ქეთი სონიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პატიმრობას მოითხოვენ.

5 აგვისტოს პოლიციამ მოსამართლის განჩინებით ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავა:

  • ნ.ი.-ს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება) - მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • ა.ბ.-ს - სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) - მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რას ედავებიან ნ.ი.-ს?

  • „2025 წლის სექტემბრის თვეში ნ.ი.-მ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან“;
  • მალევე მან თავის მეგობრებს - ა.გ.-სა და გ.მ.-ს უთხრა, რომ „თითქოსდა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ“;

პროკურატურა 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა [თავისი მეგობარი ბიჭი ა.გ.] წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს“.

ა.გ. ამ საქმის მთავარი ბრალდებულია. 9 აპრილს მას 10,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა“.

სხვა დეტალებზე - თუ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, რითაც ამტკიცებს, რომ „აღნიშნული ქმედებით“ - ანუ მეგობრებისთვის ავალიანის მხრიდან „ზედმეტი ყურადღების გამოჩენაზე“ მითითებით - წააქეზა ნ.ი.-მ დანაშაული, - პროკურატურა ამ განცხადებაში არ საუბრობს.

ნ.ი.-ის ოჯახისა და ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის პოზიციით, საქმეში არ იკვეთება მტკიცებულებები, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დანაშაულის წაქეზებას დაადასტურებს.

ამ არასრულწლოვანის დაპატიმრებას გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე თვეებია, ითხოვდა, - რადგან მას თავის შვილზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევს, - თუმცა ნ.ი.-ის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

რას ედავებიან ა.ბ.-ს?

გამოძიების ვერსიით, „დანაშაულის ჩადენისთანავე, გ.რ. დაუკავშირდა თავის მეგობარ ა.ბ.-ს და შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ა.ბ.-სთვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს“.

გიგა ავალიანის საქმე - მოკლედ

  • მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
  • 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
  • გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.
  • ნ.ი. არის ამ საქმეზე მთავარი მსჯავრდადებულის, არასრულწლოვანი ა.გ.-ის მეგობარი. ის ავალიანის მოსწავლე იყო.
  • მთავარი მსჯავრდადებული დამნაშავედ ცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.
სრულად წაკითხვა