საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითიძის ბრალდებებთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესში დარღვევები ვერ აღმოაჩინა და დაადგინა, რომ პატიმრის წინააღმდეგ “პირადი შემოწმების მიზნით” გამოყენებულ იქნა “იძულების პროპორციული ზომა”.
"მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - ვკითხულობთ 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დეესკალაციის ოთახში განვითარებულ მოვლენებს გამოძიება შემდეგნაირად აღწერს:
“დაწესებულების სამმა თანამშრომელმა განახორციელა მსჯავრდებულის გაკავება, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა გ.ვ.-მ გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით. შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალო-დეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია”, - აცხადებს პროკურატურა 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსთავის N6 საპატიმროში მყოფი პატიმარი და მისი ოჯახის წევრები ციხის თანამშრომლებს სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებენ. პატიმარმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დეესკალაციის ოთახში მოხდა მისი გაუპატიურება. საზოგადოებაში შეკითხვებს აჩენს გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც თავად პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
პატიმრის დედა აცხადებს, რომ მას პირადად ნანახი აქვს უფრო ვრცელი ვიდეოჩანაწერი, სადაც სხვა საეჭვო გარემოებებიც არის ასახული.
საგამოძიები უწყების თანახმად, გამოძიება 2025 წლის 29 დეკემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო და გამოძიების ფარგლებში “გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები; ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევები; დამუშავდა და გაანალიზდა ათეულობით საათის ვიდეოჩანაწერი; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”.
პროკურატურა იუწყება, რომ - "გამოძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები" და დაადგინა, რომ - "გიორგი დავითაძის ძალადობისკენ მიმართული ქმედება არ ფიქსირდება. ამასთან, ამავე ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება".
"საქმეზე მოპოვებული და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან. რის გამოც, 2026 წლის 9 ოქტომბერს, დანაშაულის არ არსებობის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
radiotavisupleba ახალი ამბები