საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, ჩუბინიძე 2026 წლის თებერვლიდან სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმის გამოყენებით ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანთან საიდუმლო ხელშეკრულების საფუძველზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი მეზობელ სახელმწიფოს გადასცა.
უწყების განმარტებით, დავით გარეჯის მონაკვეთზე სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ მოქმედი სამართლებრივი პროცედურები პრემიერ-მინისტრის მიერ ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსთვის ერთპიროვნულად გადაცემის შესაძლებლობას გამორიცხავს.
პროკურატურის მტკიცებით, ჩუბინიძე რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებას არაერთხელ უკავშირებდა შურისძიების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას და ამტკიცებდა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებას უკავშირდებოდა.
უწყების განცხადებით, აღნიშნული ქმედებებით ჩუბინიძემ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ იმოქმედა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებებისა და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩუბინიძეს ბრალდება წარედგინება, რაც ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყება პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
odishinews საერთაშორისო