WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსი მათ შორის ყველაზე მძიმე მიმდინარეობითა და გართულებების მაღალი რისკით გამოირჩევა.

როგორც ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, გრიპმა შესაძლოა ფილტვების ანთება, ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულის კუნთის დაზიანება გამოიწვიოს. აღნიშნული გართულებები ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშია.

მისივე განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან არის შესაძლებელი, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკჯგუფების აცრა. მათ შორის არიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები და იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები.

ჩხაიძის თქმით, ვაქცინაცია უნდა გადაიდოს, თუ აცრის დღეს ადამიანს მაღალი ტემპერატურა ან მწვავე დაავადების ნიშნები აქვს. აცრა შესაძლებელია გამოჯანმრთელების შემდეგ.

პროფესორის განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველწლიურად არის რეკომენდებული, რადგან მისი მოქმედება შეზღუდულია და გრიპის სეზონის თავისებურებებზეა დამოკიდებული.

ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის პირველ ნახევრამდე, ხოლო მომდევნო ერთი თვეც აცრისთვის ხელსაყრელია. ვაქცინა მაქსიმალურ ეფექტს გაკეთებიდან დაახლოებით ორ კვირაში აღწევს.

რაც შეეხება ალკოჰოლის მიღებას, პროფესორის განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ პირველი დღის განმავლობაში მისგან თავის შეკავება სასურველია, თუმცა ეს კონკრეტულ გართულებასთან ან გვერდით მოვლენასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ არის.