თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის თანახმადაც, 9-თვიანი პატიმრობა პირობით მსჯავრად ჩაეთვალა, გამოსაცდელ ვადად კი ერთი წელი განესაზღვრა. ამასთან, ელიზბარაშვილს 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
გათავისუფლების შემდეგ ელიზბარაშვილმა იმ ინციდენტზე ისაუბრა, რომლის დროსაც, მისი თქმით, რესტორანში ტელეკომპანია „იმედის“ შვიდმა თანამშრომელმა, მეუღლის თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ელიზბარაშვილის განცხადებით, მან ახალგაზრდებს უთხრა, რომ მეუღლეს დატოვებდა და მათთან გასარკვევად ჩავიდოდა, თუმცა, როდესაც ადგილზე მივიდა, ისინი იქ აღარ დახვდნენ.
„როგორაა ახლა, ცოლის წინ შვიდი მთვრალი კაცი რომ მცემს“, — განაცხადა ელიზბარაშვილმა.
მისივე თქმით, ინციდენტის დროს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და კონფლიქტის თავიდან აცილებას ცდილობდა.
„მე ერთს ვიტყვი იმ შვიდი ბიჭის მისამართით, რომ ნუ შეეშინდება ჩემი დანახვის ქუჩაში. მე არ ვაპირებ სახლში ჩაკეტვას და უნდა ვიმოძრაო ქუჩაში“, — აღნიშნა ელიზბარაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ იარაღის გამოყენება არ სჭირდება და ამის ნაცვლად საკუთარი გამოცდილება გაიხსენა, რომელიც აგრესიული ძაღლების მოთვინიერებას უკავშირდება.
ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
odishinews საერთაშორისო