WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

არანაირი პირადი სიმპათია არ მაქვს დიტო ჩუბინიძის მიმართ. მას არ ვიცნობ და არც მის საზოგადოებრივ თუ ღირებულებით მსოფლმხედველობას ვიზიარებ. უფრო მეტიც – მიმაჩნია, რომ მან და არა მხოლოდ მან, საკმაოდ ნეგატიური როლი შეასრულეს ქართული სახელმწიფოს განვითარების შეფერხებაში.

თუმცა ეს სრულებითაც არ მაძლევს უფლებას, არ გამოვეხმაურო მისი დაკავების ფაქტს.

დავით გარეჯთან დაკავშირებით ჩუბინიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო ლაზარე ჯორბენაძეა. და თუ ჟურნალისტს ჰქონდა შინაგანი რწმენა, რომ მისი რესპონდენტის მონათხრობი სიმართლეს შეესაბამებოდა, მაშინ რა სამართლებრივი საფუძვლით შეიძლება ამ ინფორმაციის გამოქვეყნება საბოტაჟად შეფასდეს?

აქ მხოლოდ ინფორმაციის სისწორეზე არ არის საუბარი. ჟურნალისტმა შეიძლება გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელიც შემდგომში არ დადასტურდება. შეიძლება შეცდეს წყაროს სანდოობის შეფასებაშიც. მაგრამ შეცდომა, თუნდაც მძიმე, ავტომატურად არ ნიშნავს დანაშაულს, მით უფრო – სახელმწიფოს წინააღმდეგ განზრახ მიმართულ საბოტაჟს.

უნდა დაამტკიცდეს არა მხოლოდ ის, რომ ინფორმაცია მცდარი იყო, არამედ ისიც, რომ ჩუბინიძის კონკრეტული ქმედება აკმაყოფილებდა საბოტაჟის დანაშაულის ყველა აუცილებელ ნიშანს.

ამასთან, ჟურნალისტის შინაგანი რწმენაც არ ათავისუფლებს მას პროფესიული პასუხისმგებლობისგან.

საქმეს კიდევ ერთი, პოლიტიკური განზომილება აქვს. გამოქვეყნებული განცხადება ობიექტურად ემსახურება კობახიძის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდების უარყოფას. ამავე დროს, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებების გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს პროცესი ხელისუფლების შიდა დაპირისპირების ნაწილიც.

მე არ ვამტკიცებ, რომ ეს პოლიტიკური მოტივი დადასტურებულია. მაგრამ არც ის მიმაჩნია მისაღებად, რომ ამ გარემოებების განხილვა მხოლოდ იმიტომ ავირიდოთ, რომ დაკავებული ჟურნალისტის შეხედულებები არ მოგვწონს.

სწორედ აქ გადის პრინციპული ზღვარი: ადამიანის უფლებების დაცვა არ ნიშნავს მისი შეხედულებების გაზიარებას.

თუ სამართლებრივ პრინციპებს მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ ვიცავთ, რომლებიც მოგვწონს, მაშინ პრინციპებს კი არა, საკუთარ სიმპათიებს ვიცავთ.

და ბოლოს, ხელისუფლებას ერთი კონკრეტული კითხვა: რომელი ქმედებით, როდის და როგორ შეუშალა ხელი დიტო ჩუბინიძემ სახელმწიფო ორგანოს საქმიანობას? პასუხი უნდა იყოს ფაქტობრივი და სამართლებრივად დასაბუთებული და არა მხოლოდ იმის მტკიცება, რომ ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრისთვის არასასურველი ინფორმაცია გაავრცელა.

სწორედ ამ პასუხზეა დამოკიდებული, საქმე გვაქვს დანაშაულის დასაბუთებულ ბრალდებასთან თუ სისხლის სამართლის გამოყენებასთან პოლიტიკურად მგრძნობიარე ინფორმაციის წინააღმდეგ.