პროსახელისუფლებო მედიისთვის საქმიანობაში ხელშეშლაში ბრალდებული 7 დემონსტრანტიდან 3 ბრალს აღიარებს

1 week ago 7

4 ოქტომბერს „მშვიდობიანი დამხობის“ აქციაზე პროსახელისუფლებო მედიებისთვის საქმიანობაში ხელშეშლაში ბრალდებული 7 ადამიანიდან 3 აღიარებს დანაშაულს, - გაირკვა დღეს, 10 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე.

შვიდივე დემონსტრანტს გირაო შეუფარდეს 24 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, დღეს კი სამმა მათგანმა აღიარა წაყენებული ბრალი. ესენი არიან გიორგი დუშენკო და ცოლ-ქმარი, ვახტანგ გაბელაია და ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია. მათ 3000-3000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდათ შეფარდებული.

ხოლო დანარჩენმა ოთხმა ადამიანმა განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებენ. ესენი არიან:

  • თამუნა კირთავა - ბრალდების თანახმად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტს.
  • მარია ოთინაშვილი - ბრალდების თანახმად, დროშას აფარებდა პირველი არხის კამერას.
  • ალექსანდრე ცნობილაძე - ბრალდების თანახმად, ძალადობით ხელი შეუშალა "ტვ იმედის" ოპერატორს.
  • ირაკლი წულაია - ბრალდების თანახმად, "რუსთავი 2-ის" ჯგუფს ხელს უშლიდა მუშაობაში.

პროკურატურის მტკიცებით, მათ 4 ოქტომბრის აქციაზე ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე წიწაკის სპრეი შეასხეს და ფიზიკურად, „ძალადობის მუქარით“ შეუშალეს ხელი საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.

ექვს მათგანს ბრალი ედება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში - რაც ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ორ წლამდე შინაპატიმრობას.

ირაკლი წულაიას ბრალი ედება „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში - ძალადობის მუქარით“, - რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა