დღის ბოლოს ადგილობრივი პრესით გავრცელდა ნეპალის კომუნიკაციების მინისტრის განცხადება, რომ სოციალური ქსელების აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია „თაობა Z-ის მოთხოვნის პასუხად”.
ნეპალში სოციალური ქსელები აიკრძალა მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ მთავრობას დაავალა 20-ზე მეტი პლატფორმის დაბლოკვა, თუ ისინი ერთი კვირის ვადაში არ დარეგისტრირდებიან კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროში და კონტენტის მონიტორინგს არ დასთანხმდებიან. არცერთმა პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა დარეგისტრირება არ მოისურვა.
ნეპალის ხელისუფლებამ სოციალური ქსელებისადმი მოთხოვნა ახსნა ფეიკებთან, სიძულვილის გაღვივებასა და ონლაინ-თაღლითობასთან ბრძოლის აუცილებლობით.
სოციალური ქსელების დაბლოკვის გამო, 8 სექტემბერს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუსა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი მთავრობის პოლიტიკას და კორუფციასაც აპროტესტებდნენ.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კატმანდუში, პარლამენტის შენობასთან აქცია ჯერ მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტში შეჭრა სცადა და პიროტექნიკის გამოყენება და ავტომანქანების დაწვა დაიწყო.
პოლიციელებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ადგილობრივი პოლიციის თანახმად, არეულობების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა კატმანდუში და 2 - ქალაქ იტაჰარში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კატმანდუს იმ რაიონში, სადაც პარლამენტის შენობაა, კომენდანტის საათი გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც 8 სექტემბერს, ღამით მთავრობამ უკან დაიხია და აკრძალვა გააუქმა, ნეპალში სოციალური ქსელები ისევ ხელმისაწვდომი გახდა.
ნეპალში სხვადასხვა სოციალური ქსელით მილიონობით ადამიანი სარგებლობს. ყველაზე პოპულარული Instagram-ია. ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებზე თავისუფალი წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის, რომელიც ნეპალის შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა.