WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ევროკავშირი სამი წლით გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისთვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაფართოვდა და 3000-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება.

ამასთან, სანქციებს მოუხსნიან ბიზნესმენებს, ალიშერ უსმანოვს და მიხაილ ფრიდმანს. კიევში ამ გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდეს.

ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების სამი წლით გაგრძელების და უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება 22 სექტემბერს მიიღო ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა.

მანამდე გადაწყვეტილებას ბლოკავდა ლატვია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნას ეწინააღმდეგებოდა. 22 სექტემბერს ლატვიას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, თუმცა გამოაცხადა, რომ ფრიდმანს და უსმანოვს სანქციებს ეროვნულ დონეზე თავად დაუწესებს.

სააგენტო Reuters-ის დიპლომატიური წყაროების ცნობით, ფრიდმანისა და უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა იყო ნაწილი შეთანხმების, რომელმაც პირველად გახადა შესაძლებელი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელება ერთბაშად სამი წლით და არა ექვსი, ან თორმეტი თვით, როგორც ეს მანამდე ხდებოდა.

სანქცირებულთა სიიდან ალიშერ უსმანოვის ამოღებას მოითხოვდნენ სლოვაკეთი და საფრანგეთი. სლოვაკეთი, რომლის მთავრობას, რობერტ ფიცოს მეთაურობით, რუსეთან კარგი ურთიერთობები აქვს, მოითხოვდა სანქციების მოხსნას მიხაილ ფრიდმანისთვისაც.

მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის აქტიური მხარდამჭერის, საფრანგეთის პოზიცია. უკრაინის და დასავლეთის მედია საფრანგეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ პარიზმა მოტივების განმარტებაზე უარი თქვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ უკავშირდება „ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტულ პრობლემას“.

კიევის რეაქცია

ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიიდან ალიშერ უსმანოვის და მიხაილ ფრიდმანის ამოღებას „სამარცხვინო და გაუმართლებელი“ უწოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ.

მისი შეფასებით, მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა - დაუსჯელობის განცდა, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, მოსკოვს ზეიმი გაუფუჭონ და უსმანოვს და ფრიდმანს საკუთარი, ნაციონალური სანქციები დაუწესონ.