WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის პირველ სხდომაზე გამოსვლისას დასაწყისშივე აღნიშნა - დღეს „განსაკუთრებული დღეა“, რადგან ოთხი წლის წინ, სწორედ 30 სექტემბერს „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, საპოროჟიესა და ხერსონის ოლქები რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ, დიდი რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდნენ“ და „რა სიმბოლურია, რომ გაერთიანების დღეს, სახელმწიფო დუმაში მუშაობას პირველად შეუდგებიან დეპუტატები ჩვენი ისტორიული რეგიონებიდან“-ო.

პუტინის მთელი გამოსვლა, რომელიც 14 წუთს გაგრძელდა.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ "ფართო მხარდაჭერა მიიღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა და ვეტერანებმა, რომლებმაც სამშობლოსადმი უპირობო ერთგულება ბრძოლის ველზე დაამტკიცეს. მე მათ ამ დარბაზში ვხედავ“-ო და „კანონშემოქმედებით მოღვაწეობაში“ წარმატება უსურვა:

"თქვენ ხართ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, მოწოდებულები იმისთვის, რომ უპირველესად ყურადღება მიაქციოთ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, გააკეთოთ ყველაფერი ჩვენი გამარჯვებისთვის, მხარი დაუჭიროთ სამშობლოს დამცველებს, მათ ოჯახებს".

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18-20 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 450-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 349 ადგილი "ედინაია როსიამ" მიიღო, დანარჩენ პოლიტიკურ ძალებზე 101 მანდატი გადანაწილდა: კომუნისტური პარტია - 37 მანდატი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია - 23, "ნოვიე ლიუდი" - 19, "სპრავედლიავაია როსია" - 17 მანდატი. დუმაში შევიდა პარტია "როდინას" ერთი წევრი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი.

ჩეჩნეთში "ედინაია როსიას" გამოცხადებული შედეგია 99,85%.

ერთადერთი პარტია - "იაბლოკო", რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უპირისპირდებოდა, მოხსნეს არჩევნებიდან. ხმის მიცემის დღეებში უბნებიდან გააძევეს დამკვირვებლები. ეუთოს სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე არ მიუწვევიათ.

ევროკავშირმა დაგმო რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა კი გამოაცხადა ახალი სანქციების დაწესების შესახებ:

"პირები, რომლებიც ჩართული არიან ამ ფიქციური არჩევნების ორგანიზებაში ან კანდიდატების წამოყენებაში უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსეთში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრაზე, სანქციებს დაექვემდებარებიან".

კალასმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებმა მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ „რუსეთში დემოკრატიის ეროზია გრძელდება და ღრმავდება“, ხოლო ომის საწინააღმდეგო პროგრამის მქონე „იაბლოკოს“ გამორიცხვამ ფედერალური სიიდან „კიდევ უფრო შეზღუდა რუსი ამომრჩევლების არჩევანი“.