რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში, მიხეილ შვიდკოი თბილისში იმყოფებოდა.
შვიდკოიმ თბილისში ვიზიტის შესახებ რუსულ მედიაში წერილი გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ის რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლ „ვეფხისტყაოსანს“ დაემთხვა.
„შოთა რუსთაველის კლასიკური პოემის მიხედვით დადგმული რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლის — „ვეფხისტყაოსნის“ ხილვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ჩემი გამგზავრება თბილისში სწორედ ამ მოვლენას დავამთხვიე. ამ ახალი დადგმით საქართველოს ეროვნულმა თეატრმა თავისი 178-ე სეზონი დაასრულა. მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ამ დროის მესამედის განმავლობაში ვყოფილიყავი მისი მადლიერი მაყურებელი“, – წერს შვიდკოი.
პუტინის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კულტურას რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია.
რუსულ სამთავრობო პროპაგანდისტულ „ტასთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ რუსეთი ღიაა ქართველი ხელოვანებისთვის.
„მე მიმაჩნია, რომ კულტურა არის ის სფერო, რომელსაც შეუძლია ნაბიჯ-ნაბიჯ, ბუნებრივად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე დააბრუნოს ნდობის ის ატმოსფერო, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა. ხალხები კი მუდამ მიილტვიან ერთმანეთისკენ, ჩვენ ზედმეტად ღრმა კავშირები გვაქვს“, – განაცხადა შვიდკოიმ.
შვიდკოი, რომელიც მოსკოვის მიუზიკლის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 14 და 15 ივნისს თბილისში კინოსპექტაკლების – „ცირკის პრინცესასა“ და „რევერსის“ ჩვენებასაც ესწრებოდა.
შვიდკოის განცხადებით, ეს ჩვენება „უაღრესად მიმზიდველია“ ქართულ საზოგადოებასთან ამჟამინდელი კონტაქტებისთვის.
„ვფიქრობ, [ჩვენება] დააინტერესებს ჩვენს კოლეგებს, რადგან გვსურს საქართველოს, შეძლებისდაგვარად, გავაცნოთ თანამედროვე რუსული ხელოვნება, თანამედროვე რუსული ფერწერა, კინემატოგრაფია, არტისტების გამოსვლები. გასაგებია, რომ ჩვენ გავაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც კომფორტული იქნება ჩვენი ქართველი პარტნიორებისთვის, მაგრამ, როგორც მე მეჩვენება, ამგვარ კულტურულ ღონისძიებებს თავისი დატვირთვა აქვს…
უნდა ითქვას, რომ რუსეთში საკმაოდ ბევრი ქართველი შემსრულებელია. გასტროლებზე რეგულარულად ჩამოდიან დიდი ქართული კოლექტივები, არის არაერთი ბრწყინვალე მუსიკოსი და შემსრულებელი, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ“, – განაცხადა პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

11 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·