ჟენევაში ჰაერის დაბინძურების მკვეთრი ზრდის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით უფასო გახდა

1 week ago 4

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით უფასო იქნება. ეს შვეიცარიისთვის პირველი შემთხვევაა, როცა ქალაქი ჰაერის დაბინძურების მკვეთრ ზრდასთან საბრძოლველად ამ ნაბიჯს დგამს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ჟენევაში ოზონით დაბინძურებამ მწვავე დონეს მიაღწია.

ოზონი მავნე აირია, რომელიც განთავსებულია ატმოსფეროს ზედა შრეებში და გვიცავს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების დიდი ნაწილისგან. თუმცა ოზონით დაბინძურება დედამიწის იმ დონეზე, სადაც მისი შესუნთქვა შესაძლებელია, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

ჟენევის კანტონის განცხადების თანახმად, ქალაქის ჰაერის გარემოსდაცვის ოფისის მონაცემებით, ოზონის კონცენტრაციამ 24 საათის განმავლობაში გადააჭარბა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის უსაფრთხოების ზღვარს - 180 მიკროგრამს კუბურ მეტრზე.
12 აგვისტოს ტემპერატურამ იქ 37 გრადუსს მიაღწია. ხოლო მთავრობამ შვეიცარიის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში ძლიერი სიცხის შესახებ გაფრთხილება გამოაცხადა.

Reuters-ს განუმარტა ჟენევის კანტონის გარემოსდაცვის ოფისმა, რომ მაღალი ტემპერატურისა და ნაკლები ღრუბლიანობის პირობებში ოზონის გადაჭარბებული რაოდენობა გროვდება დაბლა ატმოსფეროში და მის გაფანტვას მეტი დრო სჭირდება.

13 აგვისტოდან კანტონის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირველად გახდა უფასო, რათა ჟენეველებმა და სტუმრებმა ავტომობილებს ავტობუსები, ტრამვაი, მატარებლები და გემები ამჯობინონ, რათა შემცირდეს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი.

მგზავრებს ბილეთი არ დასჭირდებათ და ბილეთების შემოწმება შეჩერდება ვითარების გაუმჯობესებამდე, ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში.

ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან 22 საათამდე ჟენევის ცენტრში მხოლოდ დაბალი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებს აქვთ უფლება იმოძრაონ.

სრულად წაკითხვა