ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ "ღრმა შეშფოთება გამოთქვა" რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე

3 hours ago 4

2026 წლის 30 ივნისს–1 ივლისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

თბილისის პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ "ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო"

ქართული მხარის შეფასებით "მსგავსი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს".

"ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის" საკითხის მწვავედ დაყენებისკენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი პრემიერის პარტია "გახარია საქართველოსთვის" მოუწოდებდა.

ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

"საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი.

ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

IPRM-ის შეხვედრები გალში 2012 წელს სოხუმის გადაწყვეტილებით შეჩერდა და 2016 წელს განახლდა, აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ. თუმცა მოგვიანებით კვლავ შეჩერდა. მიზეზად იქცა ენგურის ხიდის გადაკვეთის პროცედურასთან დაკავშირებული სადავო საკითხი: ქართული მხარე მტკიცედ მოითხოვდა შიდა პასპორტების/ პირადობის მოწმობების გამოყენებას, აფხაზური მხარე კი - საერთაშორისო პასპორტების გამოყენებას.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდის მეორე სამუშაო ჯგიფის ფორმატში მონაწილეობდა იუტიციის მინისტრი ბექა ძამაშვილი. მისი თქმით, შეხვერაზე რასაც ჰუმანიშტარული სკაითხევი განიხილებოდა "განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფლებების დარღვევის განგრძობით ხასიათზე"

ქართულმა მხარემ ისაუბრა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეეხებოდა ქართველი სამხედროების - გიორგი ანწუხელიძის, უშანგი ხუბულურისა და ზაზა სოფრომაძის წამებასა და მკვლელობას.

"ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი და მოლაპარაკებების სახით გვაქვს საშუალება, მოვუწოდოთ მას განგრძობადი დარღვევების შეწყვეტისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მოსკოვის პოზიცია

მოსკოვში მოლაპარაკებებს „ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიებს“ უწოდებენ. რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ხელმძღვანელობდა.

"რუსული მხარე გამოვიდა მოწოდებით, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მტკიცე უსაფრთხოებას. საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების შესახებ. შეთანხმების მიღწევა მთელ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნახსენების საქართველო- ნატოს ურთიერთობიც და ნათქვამია, რომ

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ შეთავაზებული ნაბიჯების აქტუალობა იზრდება ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოების ფონზე, მათ შორის, ამ აგრესიული ალიანსის მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მიუღებელია „თბილისის მხრიდან ჰუმანიტარული დღის წესრიგის გარკვეულ საკითხებზე სპეკულაციების გაგრძელება“ და გაკრიტიკებულია გარეოს გენარალური ასამბელის რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ და ნათქვამია, რომ ეს საკითხი მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში უნდა განიხილებოდეს.

„მორიგი რაუნდის წინა დღეს, კიდევ ერთხელ იქნა მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის უკიდურესად პოლიტიზირებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად წარადგენს. ეს არსებული შეთანხმებების დარღვევით მოხდა, რომელთა თანახმად ამ საკითხის განხილვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში უნდა მოხდეს და არა იმ პლატფორმებზე, სადაც სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს წვდომა არ აქვთ და ქართულ მხარესთან დებატებში თავიანთი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა არ ეძლევეთ“, - ნათქვამია რუსეთის საგარო საქმეთა სამისტროს განცხადებაში.

აფხაზური პოზიცია

ოკუპირებული ფახაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით საქართველო ხელს უშლის სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა.

როგორც მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა განაცხადა

"აფხაზური მხარე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ყველა საკითხის მშვიდობიანი და კონსტრუქციული მოგვარების გარდა სხვა ალტერნატივას არ უშვებს. ეს მიდგომა სრულიად გამართლებულია და ჩვენს ისტორიულ-სამართლებრივ საფუძვლებსა და არსებულ რეალობას ეფუძნება",- თქვა ბარციცმა.

თანათავმჯდომარეების პოზიცია

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადებს, რომ იმსჯელეს დღის წესრიგის საკითხზე „ძალის გამოუყენებლობა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე“. მათ ასევე განიხილეს გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენის უზრუნველყოფის შესაძლო გზები.

მეორე სამუშაო ჯგუფში მონაწილეებმა განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის გადასასვლელების, დოკუმენტების, საარსებო წყარო, დაკარგული პირების მოძიებისა და ჯანდაცვის საკითხევი. გაგრძელდა აზრთა გაცვლა გადაადგილების თავისუფლებისა და გარე მობილობის საკითხებზე. მონაწილეებმა ასევე გამოთქვეს სურვილი, უფრო დეტალურად განეხილათ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.

დღის წესრიგის საკითხი „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების“ შესახებ რადუნსი მიმდინარეობისას კვლავ განუხილავად დარჩა ზოგი მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება.

სრულად წაკითხვა