პორტუგალიური ფეხბურთი ისტორიულ მომენტს აღნიშნავს — ჟოზე მოურინიო სამშობლოში ბრუნდება და კარიერის ახალ ეტაპს ლისაბონის "ბენფიკაში“ იწყებს. კლუბმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 62 წლის სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"განსაკუთრებული", როგორც მას უწოდებენ, სწორედ "ბენფიკაში“ დგამდა მწვრთნელობის პირველ სერიოზულ ნაბიჯებს. 2000 წელს ის "არწივებს“ მხოლოდ 10 შეხვედრაში ხელმძღვანელობდა, თუმცა შედეგიანობა საკმაოდ დამაჯერებელი იყო: 5 გამარჯვება, 3 ფრე და მხოლოდ 2 მარცხი. იმ პერიოდის შემდეგ, მოურინიო მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და გამორჩეულ სპეციალისტად იქცა, რომელმაც "პორტოსთან“, "ჩელსისთან“, "ინტერთან“, "რეალთან“ და "მანჩესტერ იუნაიტედთან“ არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.
"ბენფიკაში“ მისი დაბრუნება სიმბოლურიცაა და ძალიან ამბიციურიც — კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებელი სტარტის შემდეგ მწვრთნელის შეცვლით ცდილობს ახალი ენერგიის მოზიდვას.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს ბოლო სამუშაო ადგილი თურქული "ფენერბაჰჩე“ იყო. ახლა კი, 25 წლის შემდეგ, მან კვლავ მოირგო "ბენფიკას“ წითელი ფერები და კიდევ ერთხელ დაუბრუნდა იქ, სადაც მისი ლეგენდარული გზა დაიწყო.