ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფეისბუკპოსტის გამო

5 days ago 25

დღეს 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ტვ "ფორმულის" ჟურნალისტს ვახო სანაიას პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო.

სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ვახო სანაია მანამდე 10 ივლისის მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სხვა ფეისბუკსტატუსის გამო 6000 ლარით დააჯარიმა. სტატუსში სანაია წერდა, „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.

პატიმრობა კი მეორე სტატუსს მოჰყვა, „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“. - დაწერა ვახო სანაიამ მოგვიანებით.

დღევანდელ სასამართლო სხდომას თავად ვახო სანაია არ ესწრებოდა.

სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე.

სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.

პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 1 500-დან 6 000 ლარამდე.

ვახო სანაია პირველია, ვისაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო პატიმრობა შეუფარდეს.

მანამდე. 25 ივნისს ფეისბუკში ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2000 ლარით დააჯარიმა ზურაბ ოსიყმაშვილი.

სრულად წაკითხვა