მედია გამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა ცნობილი.
პოლიციელისთვის ხელის გარტყმის გამო დაპატიმრებული ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვენ მისი კოლეგები, საქართველოს მოსახლეობისა და დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი. მზია ამაღლობელის გათავისუფლება ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დირექტორმა, თეოდოროს რუსოპულოსმაც მოითხოვა. მან "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში თქვა: "პირადად მე და ასამბლეა - ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ იგი. იმიტომ რომ ეს არის არასამართლიანი, უსამართლო“.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროტესტის ნიშნად, ჟურნალისტი უკვე 21-ე დღეა შიმშილობს.
"ამერიკის ხმა" ჟურნალისტთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის "ჟურნალისტები საზღვებს გარეშე" აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის დირექტორს, ჯინ კავალიერს, სწორედ მზია ამაღლობელის საქმეზე ესაუბრა.
მადლობა ინტერვიუსთვის. მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან შიმშილობს, არ გვაქვს არანირი სამედიცინო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ის, რაც ვიცით, არის ადვოკატების მონაყოლი და ისინი უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მას სიარული უჭირს. რას იტყვით ზოგადად ამ საქმეზე და იმაზე, როგორ ეპყობა მზიას მთავრობა?
მზია ამაღლობელის საქმე ძალიან კარგად გამოხატავს იმ დარბევების ხასიათს, რაც საქართველოში, ოდესღაც კავკასიაში დემოკრატიის შუქურაში, ახლა ხდება. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ის უსამართლოდ არის დაპატიმრებული. პოლიციელისითვის გარტყმისთვის მას უფრო მკაცრად ექცევიან [ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული] მისი პროფესიის გამო, რადგან ის ცნობილი ჟურნალისტია.
მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ტერმინი "თავდასხმა" ამ კანონში ნათლად განსაზღვრული არაა, არადა ტერმინების სიცხადე საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აუცილებელია.
ასევე ვნახეთ, რომ პროკურატურა მიკერძოებულია, რადგან, მაგალითად, მათ არ შეაფასეს ეს [მზიას ქმედება] იყო თუ არა პასუხი პროვოკაციულ ქცევაზე, ასრულებდა თუ არა პოლიციელი პროფესიულ მოვალეობას, როდესაც ეს მოხდა. მას [მზია ამაღლობელს] ზიანი არავისთვის მიუყენებია, მის გამო საფრთხე არავის ემუქრებოდა, ასე რომ, მზია არ არის საშიში ადამიანი და ის მაინც წინასწარ პატიმრობაში რჩება. ეს აბსოლუტურად არ არის ნორმალური. ჩვენ გვჯერა, რომ ის მიზანში თავისი საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული.
ვნახეთ ომბუდსმენის განცხადება,სადაც ის ამბობს, რომ [მზია] ნორმალურადაა, მაგრამ რას ნიშნავს სიტყვა "ნორმალური" ამდენხნიანი შიმშილობის შემდეგ? ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. საჭიროა ვნახოთ ფაქტები მისი მდგომარეობის შესახებ.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ დროისთვის, არ არსებობს რაიმე არსებითი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. განცხადებებიდან, რომელსაც მთავრობის წევრები აკეთებენ, მხოლოდ მისი კრიტიკა გვესმის. ამბობენ, რომ მან ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს თქვა როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე დედაქალაქის მერმა. რას გეუბნებათ მთავრობის პასუხი ჟურნალისტების უფლებებზე ამ საქმეზე და ზოგადად, არსებულ ვითარებაზე დაყრდნობით?
პროტესტების დაწყების შემდეგ, ჟურნალისტებზე თავდასხმის 70-ზე მეტი შემთხვევა აღვრიცხეთ და გვჯერა, რომ მზია ამაღლობელის საქმე ამ ყველაფრის საუკეთესოდ გამომხატველია. შესაძლოა, ეს "ქართული ოცნების" პარტიის შურისძიებაა ზოგადად ჟურნალისტების მიმართ, რადგან ისინი სისტემატურად მიზანში იღებენ ჟურნალისტებს, რომლებიც მათ ქმედებებს იძიებენ. ეს ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია.
მსოფლიო თავისუფლების ინდექსში საქართველო 26 ქულით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა. ეს მონაცემი ნათლად ასახავს იმ ფაქტს, რომ საქართველო სულ უფრო შორდება დამაკმაყოფილებელ თავისუფლების გარემოს და შესაბამისად, დემოკრატიას.
ყველა მაჩვენებელი ქვეყანაში სულ უფრო უარესდება, პოლარიზება კი იზრდება. ამას ხელს უწყობს მმართველი პარტია "ქართული ოცნება", რომელიც მოსკოვს უახლოვდება და პრესის თავისუფლების მიმართ სულ უფრო მტრულ პოლიტიკას ატარებს, ისევე როგორც ამას მზია ამაღლობელის შემთხვევაში ვხედავთ.
ნაწილობრივ ამ კითხვას უპასუხეთ, მაგრამ რას იტყვით იმაზე, როგორ გამოხატავს ეს საქმე ქვეყანაში ჟურნალისტებისთვის და ზოგადად, ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ ვითარებას?
ჩვენ შეშფოთებულები ვართ პრესის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობის და პოლიციის მიერ სისტემატური ორგანიზებული ძალადობის გამო. ქართული პოლიცია ჟურნალისტებს იღებს სამიზნეში და მათ სრული დაუსჯელობის სინდრომი აქვთ. ასე რომ ძალიან შემაშფოთებელია, რომ ყოველთვის მედია მთავრობისთვის განტევების ვაცია.
თქვენ ბევრ ქვეყანაში მუშაობთ, მხოლოდ საქართველოს არ აკვირდებით, ამიტომ მინდა ასეთი რამ გკითხოთ: ბოლო დროს ხშირად ვრცელდება მოსაზრება, რომ საქართველო ბელარუსის და აზერბაიჯანის მიმართულებით მიდის, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, ჟურნალისტები საუკეთესო მდგომარეობაში არ არიან. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
სამწუხაროდ, საქართველო სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, ბელარუსსა და აზერბაიჯანს და ევროპულ დემოკრატიებს შორდება. ჩვენი გადმოსახედიდან, ეს ძალიან შემაშფოთებელი გზაა.
თუმცა, მედია სფერო [საქართველოში] კვლავ ძალიან აქტიურია. მიუხედავად არსებული გარემოსი, ჟურნალისტები თავიანთ საქმეს ძალიან კარგად აკეთებენ. ასე რომ იმედს ვიტოვებ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
ასეთ შემთხვევებში რისი გაკეთება შეუძლიათ ისეთ საერთაშორისო, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როგორიც თქვენია? რით ეხმარებით ასეთ დროს ჟურნალისტებს მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში?
მუდმივად ვცდილობთ საქართველოში პრესის თავისუფლების შესახებ ინფორმაცია გავავრცელოთ საერთაშორისო მედიაში, რომ ევროკავშირს, თუ ინდივიდუალურ ქვეყნებს ვესაუბროთ ამაზე და გამოვიყენოთ ყველა შესაძლო საერთაშორისო მექანიზმი, რათა პასუხი ვაგებინოთ საქართველოს მთავრობას.