ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.
როგორც ის აღნიშნავს, შსს-ს წარმომადგენელს მხოლოდ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოსთხოვა.
"დარეკა კრიმინალურმა, დაბარება გვინდაო. სასამართლოში გამოკითხვა მოვითხოვე და კარგი, მივმართავთ ხვალ ან ზეგ დაგიბარებენო. მუხლი არ ვიცი, დამავიწყდა კითხვა ამ შფოთში და ხვალ დავაზუსტებ. ოღონდ სულ გენაცვალე-ჭირიმეთი მელაპარაკა. დარწმუნებული ვარ, თქვენი დამსახურებით.
მადლობა ყველას მემილიონედ გამხნევებისთვის და გვერდში დგომისთვის. დავწერ აფდეითებს უკვე დრო და მუხლი რომ მეცოდინება", - წერს მარიამ ნიკურაძე ფეისბუქზე.
რამდენიმე სღით ადრე, 7 დეკემბერს ნიკურაძე ამბობდა, რომ შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მის დაკავებას გეგმავდნენ.
„ვნახე სია იმ შესაძლო ადამიანებისა, ვინც, წყაროს თანახმად, უნდა დააკავონ. ამ სიას, სახელებთან და გვარებთან ერთად, ერთვის პირადი ნომრები. ჩემი პირადი ნომერი, რაც მითითებულია, ზუსტია“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
მარიამ ნიკურაძე ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციას აშუქებს, მათ შორის - ბოლოდროინდელ პროევროპულ დემონსტრაციებს.
ბოლო 11 დღის განმავლობაში პოლიცია, როგორც მედიის სხვა წარმომადგენლებს, მასაც უშლიდა ხელს მუშაობაში. ნიკურაძეს ორი ფოტოკამერა დაუმტვრიეს აქციების დარბევისას; ასევე, ერთ-ერთ საღამოს მუშაობისას შსს-ს თანამშრომელმა ხელის კვრით მიწაზე დააგდო.
პროევროპული აქციების მიმდინარეობისას თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს, მათ შორის, რადიო თავისუფლების რეპორტიორებს.
6 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ „პუბლიკის“ რეპორტიორ მინდია გაბაძეს; ასევე, სპეცრაზმის წარმომადგენელი თავს დაესხმა „ფორმულის“ ჟურნალისტ გურამ როგავას.