თბილისის მერმა, მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შეკითხვითვე უპასუხა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ აპირებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დაესწროს ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას. ამგვარი მოლოდინის არსებობის შესახებ წერს ირანული მედია.
"არ გამოვრიცხავ. რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები. თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია.", - უპასუხა კალაძემ ჟურნალისტებს დღეს 30 ივნისს.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე პასუხის მიღებას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგანაც ცდილობს.
არსებული ინფორმაციით ხამენეის ხუთშაბათს, 9 ივლისს, ირანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარე, თეირანის შემდეგ მეორე დიდ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.
ირანში აცხადებენ, რომ დაკრძალვაზე ელიან თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალურ დელეგაციებსაც. სომხეთის პრემიერი ნიკოლ-ფაშინიანი ირანში ჩასვლას აპირებს. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით ირანში აზრებაიჯანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.
აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი, რომელიც ქვეყანას თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, 86 წლის ასაკში, 2026 წლის 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის გამანადგურებელი და მიზანმიმართული საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.
ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მისნიტრი ირაკლი კობახიძე 2024 წლის მაისში ირანის წინა პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში იმყოფებოდა.
თბილისის გამოხმაურებები
ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ [2026 წლის 28 თებერვალი] „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიუსამძიმრა ირანსაც და ისრაელსაც და სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის ქვეყნებს.
2 მარტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
ოფიციალური ინფორმაციით, „კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების“ იყო საუბრის თემა 30 მარტს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.
მათ ტელეფონით ისაუბრეს „ორმხრივი ინტერესის სფეროებზე“.
„ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ერთგულნი ვართ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, მარტის დასაწყისში, ისრაელის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის მიერ ირანის საელჩოში გახსნილი სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა - „მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება“.
11 მარტს პრემიერი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ „შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა“.
ისრაელის საელჩოს პრესცენტრში განაცხადეს, რომ „ელჩმა პრემიერ-მინისტრს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
წინა დღეს, 10 მარტს ირაკლი კობახიძემ - მეზობელი ქვეყნების ლიდერების კვალდაკვალ, - ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა მოჯთაბა ხამენეის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს.

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·