48 წლის ქალს, რომელიც 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე ავიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
"საქართველოს გაუმარ"... დაიძახა დარბაზში შემოსულმა თამარ ლორთქიფანიძემ ხმამაღლა.
დარბაზიდან შესძახეს - "ჯოს".
სხდომის დაწყებას საღამოს 6 საათიდან, ხუთ საათზე მეტხანს ელოდნენ დაკავებულის ოჯახის წევრები, მეგობრები, მათ შორის იყო მისი 20 წლის შვილიც, რომელიც დარბაზში შემოსულ დედას ჟესტებით, ზევით აწეულ ცერს აჩვენებდა და ეძახდა, "დე, დე"... "ყველაფერი კარგად არის".
თავდაპირველად თამარ ლორთქიფანიძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო, თუმცა, 24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა.
პროკურატურამ განაცხადა, რომ "გამოძიების თანახმად, 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს (შალვა რაზმაძეს) სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო".
"ასევე ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია".
ახლა თამარ ლორთქიფანიძეს ბრალად ედება:
- ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
- ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ტყუილად საუბრობთ, ქალბატონო მოსამართლევ, არაფერს ვეთანხმები"... უთხრა მოსამართლეს თამარ ლორთქიფანიძემ.
მოსამართლემ ქალს ჰკითხა, დაკავებისას რაიმე სახის უფლებების დარღვევას ხომ არ ჰქონია ადგილი, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა:
"კი მაგინეს, შეურაცხყოფა მომაყენეს... როცა დამაპატიმრეს, ქვევით, შენობაში, უმისამართოდ მაგინეს... სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს"...
აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მარტსა და სექტემბერში, თამარ ლორთქიფანიძე ორჯერ იყო ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულის საქციელი მიმართულია ძალადობრივი ქმედებებისკენ, არსებობს ბრალდებულის მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და შესაბამისად, მან აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა.
თავდაპირველად, სასამართლო სხდომაზე დაკავებულის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი ნინო მიქატაძე იცავდა, თუმცა, სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, დარბაზში შემოვიდა ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი, განაცხადა, რომ საქმის მასალებში დევს მისი, როგორც ადვოკატის ორდერი და მოითხოვა, რომ ბრალდებულის ინტერესები სწორედ მას დაეცვა.
ადვოკატთან რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ, მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ ნანა შამათავამ გუჯა ავსაჯანიშვილს საქმეში ადვოკატის სტატუსით ჩართვის ნება მისცა.
"საქმეში დევს გაყალბებული დოკუმენტი, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა უარი თქვა, რომ მე განმეხორციელებინა დაცვა, ჩვენ ამას აუცილებლად მოვიკითხავთ, ეს როგორ მოხდა... ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაა და ის ამბობს ასეთ რამეს: არ აპირებს, რომ გირაო გეხვეწოთ, რა გადაწყვეტილებაც გინდათ, ის მიიღეთ", - თქვა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
"ეთანხმებით ამას?" - ჰკითხა მოსამართლემ თამარ ლორთქიფანიძეს.
"რა თქმა უნდა, არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა!" - დაიძახა ბრალდებულმა შემინული კაბინიდან.
"ბრძოლა ბოლომდე, დე შენ იყავი ყველაზე ფრთხილად", - დაუძახა დედამ შვილს, სანამ ბადრაგები დარბაზიდან გაიყვანდნენ.
"ჭკუით იყავი დე, მიყვარხარ", - დააწია სიტყვა დარბაზიდან მიმავალ ბრალდებულს შვილმა.
წინასასამართლო სხდომა თამარ ლორთქიფანიძის საქმეზე 15 დეკემბერს გაიმართება.

16 hours ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·