გუშინ, 11 ივნისს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და საქართველოს დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა.
ეს ევროკავშირის სავიზო რეგულაციით დადგენილ სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შემთხვევაში იწყებს მოქმედებას. ეს პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა საწყის ეტაპზე 12 თვით შეჩერდა, წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ.
ევროპული მხარის განცხადებით, 11 ივნისის შეხვედრის მიზანი იმ გარემოებების მოგვარება იყო, რომელმაც აღნიშნული შეჩერება გამოიწვია. როგორც ცნობილია, მექანიზმის ამოქმედების საფუძველს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენდა.
რა თქვა შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ?
„ევროსკოპის“ ცნობით, სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. ერთ-ერთი, ვინც საქართველოდან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა, გიორგი ტაბატაძე იყო. როგორც მან „ევროსკოპს“ განუცხადა, შეხვედრის შემდეგ „პოზიტიურადაა განწყობილი“.
„დიალოგის ფარგლებში გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ვისაუბრეთ, მოვისმინეთ მათი პოზიცია, მათ ჩვენი პოზიცია მოისმინეს“, – განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით უფრო ვრცელი პოზიცია გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, შესაბამისად, ევროკავშირის მოთხოვნა რეპრესიული კანონების გაუქმების შესახებ, ქართული მხარისთვის „უსაფუძვლოა“.
უწყების განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის საკითხით პოლიტიკური მანიპულირება მიუღებელია.
„ევროკომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ანგარიშს, რომელიც ტენდენციურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას, რაც თავისთავად არ იძლევა სათანადო და ობიექტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა.
მიუხედავად ამისა, სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას.
აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება. ასევე, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველყოფის დასტურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიერ რეგულარულად ორგანიზებული საპროტესტო აქციები.
აღინიშნა, რომ, მიუხედავად 2024 წლის აქციების ძალადობრივი ხასიათისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელების უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების და სხვა დარღვევების გამოსავლენად. ხაზი გაესვა, რომ 2024 წლის ძალადობრივი პროტესტის დაშლის ოპერაციისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ერთ ეპიზოდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის ბრალდებით ამჟამად დაკავებულია 5 პირი და მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება.
ხაზი გაესვა, რომ უსაფუძვლოა არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა, მაშინ, როდესაც ისინი მიღებულია საქართველოს ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ეწინააღმდეგება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას თუ შეთანხმებას, რომლის წევრიც არის საქართველო. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით შექმნილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიგრაციის მართვის, არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და რეადმისიის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის სააგენტოებთან.
აღინიშნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქონების მოძიების სამმართველოს შექმნა, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.
სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია აღნიშნული საკითხით პოლიტიკური მანიპულირება.
საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას”,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს არ არის ბოლო“
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 11 ივნისის გამართულ შეხვედრაზე სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა და რეალურად ეს იყო პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებში გაიცვალა ინფორმაცია მხარეებს შორის.
მისი განმარტებით, შეხვედრის მთავარ მიზანს ევროპული მხარისთვის საქართველოს პოზიციებისა და არგუმენტების დეტალურად გაცნობა წარმოადგენდა.
„შეხვედრა გაიმართა სავიზო დიალოგის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის რეგულაციით და შეეხებოდა სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ შეჩერების საკითხებს. ქართულმა მხარემ, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, წარადგინა პოზიციები, რაც შეეხება იმ წუხილებს და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან. ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა. ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ევროპულ მხარეს ამ დონეზე მიწოდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ქართული მხარის მოლოდინია, რომ პროცესი გაგრძელდება.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს არ არის ბოლო შეხვედრა და მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
„საკმაოდ უშედეგო დიალოგი“
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ბრიუსელში გუშინდელ ტექნიკურ შეხვედრაზე, სადაც საქართველოსთან უვიზო რეჟიმის საკითხის განიხილებოდა, ქართულმა მხარემ ევროპელი მომლაპარაკებლები რეფორმებით ვერ მოხიბლა.
მისი ინფორმაციით, ქართულ მხარესთან გამართული დიალოგის შემდეგ ბრიუსელში აღფრთოვანებულები არ დარჩნენ.
ჟურნალისტის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები 11 ივნისს გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც „საკმაოდ უშედეგოს“.
რადიო თავისუფლების ცნობით, ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა შეხვედრის შემდეგ რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა.
ამ წყაროს ცნობით, როდესაც გიორგი ტაბატაძესა და მის გუნდს ჰკითხეს, მზად არიან თუ არა კანონების შეცვლისთვის, პასუხად მიიღეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ ტექნიკურ ჯგუფს, ხოლო წამოწეული საკითხი პოლიტიკური იყო.
ამავე წყაროს თანახმად, თბილისის შეთავაზება არის, რომ ბრიუსელმა კვლავ მოიწვიოს პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად ყველა დონეზე, რათა თავად განსაჯონ პოლიტიკური მზაობა.
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობითვე, თბილისი ამტკიცებს, რომ „მკაფიო სფეროები“ არსებობს, რადაც შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, – თუმცა ეს, წყაროს შეფასებით, უკიდურესი მინიმუმია, – და სანაცვლოდ ელის ევროკავშირის მხრიდან კეთილგანწყობის დაფიქსირებას.

6 days ago
10







English (US) ·
Georgian (GE) ·