რა პრობლემები და გამოწვევებია თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში? – ომბუდსმენი

2 weeks ago 15

თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტებს არ აქვთ სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა, შენობაში გამოწვევაა სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა. მკურნალობის პროცესში პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილნი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციური ინტერვენციებით და ნაკლებადაა გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები. ცენტრი განიცდის საჭირო პერსონალის/სპეციალისტების სიმცირეს – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი “თერჯოლმედში” სტუმრობის შემდეგ წერს.

“2024 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „იმერმედი – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში (თერჯოლამედი)“ არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულეს, დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ პაციენტებსა და განყოფილების პერსონალს.

ცენტრი გათვლილია 18 საწოლზე და სრულად დატვირთულია; უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემები. იქ მყოფ პაციენტებს არ აქვთ სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა; შენობაში გამოწვევაა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა. ამასთან ხშირია ერთი და იგივე პირების სტაციონირების შემთხვევები, რაც გამოწვეულია რეგიონში სათემო სერვისების ნაკლებობით.

მკურნალობის პროცესში პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილნი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციური ინტერვენციებით და ნაკლებადაა გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები. ცენტრი განიცდის საჭირო პერსონალის/სპეციალისტების სიმცირეს.

სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები განაგრძობენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და მონიტორინგის შედეგები აისახება საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში”, – წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა