“საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, მიღებულ უნდა იქნეს რიგი გადაუდებელი ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.” – ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის მომზადდა.
საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უნდა განახორციელოს შემდგომი გადაუდებელი ზომები. კერძოდ, საჭიროა შემდეგი საკითხების მოგვარება:
საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, გაერთიანების, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლების, აგრეთვე დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფა და დაცვა.
თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეწინააღმდეგება არადისკრიმინაციის პრინციპს და ეწინააღმდეგება შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმოს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და საკანონმდებლო პაკეტი “ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” და შეცვალოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტიქ პირთა უფლებების სრულად დაცვა.
საქართველოს სავიზო პოლიტიკის გათანაბრება ევროკავშირის სიაში შემავალი ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ევროკავშირში.
გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის უსაფუძვლო განცხადებებისა და წევრ ქვეყნებში არარეგულარული ყოფნის საკითხის მოსაგვარებლად, როგორიცაა საინფორმაციო კამპანიები უვიზო მიმოსვლის შესახებ მიგრანტების შესაბამისი პროფილებისთვის და მკაცრი სასაზღვრო კონტროლი.
შექმნას აქტივების აღდგენის და მართვის ოფისი და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მიკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციასა და უტილიზაციისთვის.
ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, მათი განხორციელებისთვის ადეკვატური რესურსების უზრუნველყოფა და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, დევნასა და განხილვას.
შეცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ის, რაც ეხება ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტურ დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ფუნქციებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.