რა უძღოდა წინ დაპირისპირებას – სასტუმრო „აგარანის მამული“ მორიგ განცხადებას ავრცელებს

14 hours ago 4

სასტუმრო „აგარანის მამული“ 18 ივლისს ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და დეტალურად აღწერს განვითარებულ მოვლენებს.

სასტუმროს განცხადებაში წერია, რომ საქორწინო ღონისძიებას დათმობილი ჰქონდა სასტუმროს ტერიტორიის ნაწილი, „განთავსების მოცულობის დაახლოებით ერთი მესამედი“.

„აღნიშნულ დღეს სასტუმრო თითქმის სრულად იყო დატვირთული, ხოლო სხვა სტუმრები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი სასტუმროში საქორწინო ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ“, – წერია განცხადებაში.

სასტუმრო ამბობს, რომ საქორწინო ღონისძიების მონაწილეებსა და სასტუმროს სხვა სტუმრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაახლოებით 20:16 საათზე დაიწყო. „აგარანის მამული“ ადასტურებს, რომ დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი:

„სასტუმროს ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ ქორწილის სტუმრები იყურებიან სასტუმროს ზედა სართულების მიმართულებით და მიუთითებენ გარკვეულ გარემოებაზე. დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი.

ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმროს პერსონალი და უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და ეცადა კონფლიქტური სიტუაციის განეიტრალებას. 20:20 საათზე, სიტყვიერი დაპირისპირების დაწყებიდან დაახლოებით ოთხ წუთში, სასტუმროს თანამშრომლები ავიდნენ შესაბამის სტუმრებთან ნომერში“.

სასტუმროს განცხადების მიხედვით, სასტუმროს თანამშრომლები 6 წუთი იმყოფებოდნენ სტუმრებთან და ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას, 20:28 საათზე კი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საქორწინო ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სასტუმრო გეგმავდა სტუმრების ალტერნატიულ ნომერში გადაყვანას, რათა მხარეებს შორის ვიზუალური ან სხვა კონტაქტი აღკვეთილიყო.

„20:30-დან 20:37 საათამდე სასტუმროს მიმღებ დესკზე მიმდინარეობდა ალტერნატიული ნომრის მოძიება. ამავე პერიოდში სასტუმრო დაუკავშირდა აღნიშნული სტუმრების თანმხლებ გიდს, აცნობა შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ და სთხოვა სასტუმროში მისვლა. განიხილებოდა სტუმრების სასტუმროდან სხვა სასტუმროში გადაყვანა“, – წერია განცხადებაში.

„აგარანის მამული“ ამბობს, რომ პოლიცია ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე, 20:39 საათზე გამოიძახეს.

„20:40 საათზე უსაფრთხოების თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ საქორწინო ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე ლიფტით ზედა სართულზე ავიდა. მას მყისიერად გაჰყვა სასტუმროს თანამშრომელი, თუმცა სანამ ლიფტი დაბრუნდა, და თანამშრომელი ავიდა მე-3 სართულზე, 20:42 საათისთვის ფიზიკური დაპირისპირება უკვე მომხდარი იყო“, – წერია განცხადებაში.

ამის შემდეგ, განცხადების მიხედვით, სასტუმროს ადმინისტრაციამ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელიც ადგილზე 21:09 საათზე მივიდა, 20:55 საათზე სასტუმროში მივიდა სტუმრების თანმხლები გიდი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად და ვითარების დეესკალაციისთვის მის ხელთ არსებული შესაძლებლობები გამოიყენა. პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც მხარეებს შორის კონტაქტის აღკვეთასა და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდნენ. სასტუმრო თანამშრომლობს გამოძიებასთან. სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა სასტუმროს ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

ამავე დროს ვაცნობიერებთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, ინციდენტის თავიდან აცილება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით“, – წერია განცხადებაში.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ქორწილში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე). დაკავებულია სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე. მის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

შსს წერს, რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

დაკავებულის ადვოკატი ლაშა კაპანაძე ამბობს, რომ ქალმა ყელის არეში დაზიანება თავად ჭიღლაძესაც მიაყენა. მისივე თქმით, ჭიღლაძე „რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული“.

დაკავებულის ძმა ამბობს, რომ სასტუმროს სტუმრების ხმაური გამო, ქორწილის სტუმრებს წყალს ასხამდნენ აპარატურის დაზიანების მიზნით, აფურთხებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ინციდენტში მონაწილე ქალი რუსეთიდან, ალიონა ნესტერიუკი უარყოფს, რომ ძალადობას წინ უძღოდა ტურისტების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია. თუმცა ის ადასტურებს, რომ შესაძლოა გარკვეულ „გაუგებრობასა და კამათს“ ადგილი ჰქონდა რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებსა და ქართველ მექორწილეებს შორის.

საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 

სრულად წაკითხვა