WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

03.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს მორიგ ჯერზე ცვლის.

მმართველი პარტიის ამჯერად შემოთავაზებული ცვლილებებით,  არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების წესი იცვლება.

ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ, კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქებში აღარ შეჯამდება და ეს საუბნო კომისიებში შედგენილი ოქმების საფუძველზე მოხდება.

გარდა ამისა,  იცვლება მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი წესიც.

ცვლილებები შემაჯამებელი ოქმების შესახებ:

  • დგინდება, რომ როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა, ისე საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენა განხორციელდება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს.
  • არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენას განახორციელებს ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მითითებული მონაცემებისა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.
  • საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც გამოიყენება საარჩევნო ბიულეტენების მთვლელი ელექტრონული აპარატი, კენჭისყრის წინასწარი შედეგების ამონაწერის ამობეჭდვის შემდეგ წილისყრით გამოვლენილი მთვლელები ახორციელებენ ხმების დათვლის პროცედურებს, რის შემდეგაც დგება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
  • ამასთანავე, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც არ გამოიყენება საარჩევნო ბიულეტენების მთვლელი ელექტრონული აპარატი, საარჩევნო ბიულეტენები ორი დღის ვადაში გადაიყვანება ციფრულ ფორმატში და იმავე ვადაში განთავსდება ინტერნეტსივრცეში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აქტუალობას კარგავს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მეექვსე დღისა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დამატებით არაუმეტეს ხუთი საარჩევნო უბნის გამოვლენა და კენჭისყრის შედეგების გადათვლა. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევისა და ამგვარად გამოვლენილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების გადათვლის ვალდებულება.
  • ცესკო შეაჯამებს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს არჩევნებს, მათ შორის ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგებს და შესაბამისად შეადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. მოქმედი რედაქციის მიხედვით, ყველა თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველის თემის საკრებულოს არჩევნებს შედეგებს (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოსი) აჯამებდა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ადგენდა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგებს აჯამებდა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ადგენდა ცესკო.
  • ასევე, საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშვნის თაობაზე განკარგულებას, ნაცვლად ცენტრალური საარჩევნო კომისიისა, გამოსცემს ცესკოს თავმჯდომარე.

ცვლილებები დამკვირვებლების რეგისტრაციის წესში:

  • საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკოს თავმჯდომარე.
  • ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
  • რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და უნდა წარუდგინოს მას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება (დასახელებები), სადაც ეს ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს. რეგისტრაციის ბოლო დღეს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარედგინოს აგრეთვე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების სია.

ცვლილებები საარჩევნო რეკლამის შესახებ:

  • განისაზღვრება უფლებამოსილი პარტიის ინფორმირების და ახალი წევრის წარდგენის ვადები იმ შემთხვევაში, თუ პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი, იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრია.
  • დგინდება, რომ უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედური არჩევნების დროს ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.
  • დგინდება, რომ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა უნდა დამზადდეს იმგვარად, რომ მისი მიმდინარეობისას თვალნათლივ ჩანდეს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება, რიგითი ნომერი ან/და სიმბოლიკა. მოქმედი რედაქციის თანახმად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და მისი რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10 პროცენტს, ხოლო რეკლამის დასრულებისას, ბოლო 1 წამის განმავლობაში – კადრის ფართობის არანაკლებ 50 პროცენტს.
  •  უქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა თავისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფართობი, შესაბამის მაუწყებლებსა და გაზეთს უფლება აქვთ, ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.  განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს შეიძლება შეფასდეს კანონით განსაზღვრულზე მეტი უფასო სარეკლამო დროის დათმობად.

საარჩევნო დავები:

  • დგინდება, რომ რაიონულმა (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებმა საარჩევნო დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები პროცესში მონაწილე მხარეებთან ერთად უნდა გადასცენ ცესკოსაც.
  • ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება, შეუძლია  უფლებამოსილ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული ის მონაცემები, რომლებიც ცესკოს შემაჯამებელ ოქმში შეიტანება. ასევე არ არის ან არასრულად ან შეცდომით არის ასახული, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით, სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგები. ამ პუნქტის მოთხოვნების დარღვევით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღება. სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ ამ პუნქტში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით და შესაბამისი დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, უფლებამოსილია დაავალოს ცესკოს, მისივე შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი მონაცემების გასწორება.
  • სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას/ცესკოს სარჩელის/საჩივრის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს და ცესკოს. მხარეებს და ცესკოს იმავე ვადაში ასევე გადაეცემა სარჩელის/საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის/სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს/სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
  • ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ აღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ თავმჯდომარემ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას და დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.
  •  ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ აღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.
  • ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო შედგენილი სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ  მერობის კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს,  დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

„ფაქტობრივად აუქმებს შედეგების გასაჩივრებას“ – გამოხმაურებები ცვილებებზე 

„ქართული ოცნების“ მიერ ინიიცირებულ ცვლილებებს უკვე მოჰყვა კრიტიკული გამოეხმაურებები.

საიას ყოფილი თავმდჯომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ეს ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს.

„შემაჯამებელი ოქმი არჩევნების შედეგებს აჯამებს და თუ მისი გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური საფუძვლით იქნება შესაძლებელი, გასაჩივრების გარეშე დარჩება არსებითი დარღვევები. მაგალითად, ეს წესი 2024 წლის არჩევნების დროს რომ ყოფილიყო, ფორმალურადაც ვერ გასაჩივრდებოდა ფარულობის დარღვევა და თეთრიწყაროს სასამართლოს პრეცედენტიც არ იარსებებდა“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

პარტია „ახალის“ წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით,

„საარჩევნო კოდექსში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის:

  • პირველი, სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეგისტრაციას უკვე მხოლოდ თავმჯდოამარეების (ოლქი და ცესკო) განკარგულება დასჭირდება, ვისაც უნდა დაეთანხმებიან ვისაც უნდა არდაეთანხმებიან. გონგოებით და ფეიქ სადამკვირვებლო მისიებით გაავსებენ საარჩევნო უბნებს.
  • მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული ის მონაცემები, რომლებიც ცესკოს შემაჯამებელ ოქმში შეიტანება.

ფაქტიურად ცესკოს შემაჯამებელ ოქმს ვერ გაასაჩივრებ, ანუ მისი გასაჩივრება ტექნიკური ხასიათის იქნება. ნუ შემაჯამებელი ოქმი მარტო შედეგების გამომხატველი დოკუმენტი კი არ არის, არამედ ის არის სამართლებრივი დასტური იმის რომ არჩევნები, საარჩევნო სამართლის პრინციპებით ჩატარდა. ანუ, საარჩევნი ყუთში რომ ბიულეტენი ჩაყაროს ვინმემ, ან/და სულ იძულებით მიდენონ ხალხი და კონკრეტულ პარტიაზე მიაცემინონ ხმა ეს ნიშნავს, რომ შემაჯამებელი ოქმი ვერ გასაჩივრდება იმიტომ, რომ მონაცემები საარჩევნი ყუთიდან სწორად არის დათვლილი ?

ხელდაკაპიწებული შრომა მიდის ქვეყანაში დიქტატურის დასამყარებლად“, – აცხადებდ თენგო თევზაძე.