სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, ერევანმა ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი მომავალ ან 2028 წელს შეიტანოს.
„როცა დემოკრატიული ქვეყანა ხარ, დემოკრატიულ კლუბში ყოფნა გინდა. გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობას განვიხილავთ ევროპელ პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნითაც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გადავდგათ არამარტო ტექნიკური ნაბიჯი, დავაჭიროთ აპლიკაციის გაგზავნის ღილაკს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელ ამ პროცესს თან ახლდეს პოლიტიკური დიალოგი ამ საკითხზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს დრო დადგება და არც ისე შორს“, — განაცხადა ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე განაცხადა.
მას გაწევრიანების განაცხადის შეტანის კონკრეტულ წელზეც ჰკითხეს.
„[წელს] არ ვიცი რამდენად რეალისტურია, მაგრამ მომდევნო წელი შეიძლება იყოს რეალისტური, 2028 წელიც შეიძლება იყოს რეალისტური. მაგრამ ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ ვიზალიბერალიზაციის დიალოგზე და ჩვენი მიზანია, გვქონდეს უვიზო მიმოსვლა 2029 წელს. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ურთიერთობებში. ახლა ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, შეიტანოთ განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე“, — განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპულმა პოლიტიკამ სომხეთი რეგიონულს არ მოწყვიტოს. ფაშინიანის თქმით, სომხეთის ევროპული პოლიტიკისთვის სარგებელია, რომ მისი 4 მეზობლიდან ორი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია: საქართველო და თურქეთი.
„იმედი მაქვს, ჩვენ ვიქნებით მესამე. მაგრამ ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა კანდიდატობა არაა, სრული წევრობაა“, — განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, იცის, რომ შეუძლებელია სომხეთი ერთდროულად იყოს ევროკავშირის და ევრაზიული კავშირის წევრი და მომავალში არჩევანის გაკეთება მოუწევს და გადაწყვეტილება მოქალაქეების გასაკეთებელია.
netgazeti