დენის კულანინის ადვოკატი, ციალა რატინი აცხადებს, რომ გაეცნო მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა, რომლითაც უწყება ითხოვს, რომ ის გაძევებული იყოს წარმოშობის ქვეყანაში – რუსეთის ფედერაციაში. ამასთან, უფლებადამცველის თქმით, მიგრაციის დეპარტამენტი ითხოვს, რომ დენის კულანინმა სასამართლოს ბრძანებით 7 დღის ვადაში დატოვოს საქართველო და მას საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს 5 წლის ვადით.
„რუსეთის ფედერაციაში გაძევებას ითხოვს, მაგრამ აძლევს 7-დღიან ვადას. ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვება ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც აირჩევს, მთავარია იმ ქვეყანამ მიიღოს“, – ამბობს ციალა რატიანი „ნეტგაზეთთან“.
საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს ზეპირი მოსმენის გარეშე. როდის ჩაინიშნება პროცესი, ჯერ უცნობია. ადვოკატის თქმით, შეიტანა სასამართლოში დაცვის მხარის პოზიცია, რომლითაც ითხოვდა სწორედ ვადის დაწესებას.
„მე ყოველ დღე დავრეკავ, თუ იქნება ბრძანება, უკვე ავიღებ ბილეთებს, პასპორტები გუშინ ჩავაბარე მიგრაციის დეპარტამენტს და წინ აღარაფერი უდგას, რომ მიაცილონ აეროპორტამდე“, – ამბობს ადვოკატი „ნეტგაზეთთან“.
netgazeti