რა ხდება გურიაში – დიდთოვლობის შედეგები

1 month ago 23

“ქართული ოცნების” მთავრობის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.

გურიაში რამდენიმედღიან დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩამოინგრა და მამაკაცს ბეტონის ფილა დაეცა.

იმის გამო, რომ დიდთოვლობამ შეაფერხა ტრანსპორტის გადაადგილება, ადგილზე შეზღუდულია სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ბრიგადების მოძრაობაც.

20 თებერვლის შემდეგ გურიაში დიდთოვლობის გამო, შეჩერებულია სასწავლო პროცესი, საგზაო მოძრაობა. მოსახლეობას არ მიეწოდება დენი, ბუნებრივი აირი და წყალი.

სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ არა მხოლოდ დენისა და წყლის, არამედ საკვების პრობლემაც აქვთ. ისინი ითხოვენ, მთავრობამ სამაშველო ჯგუფები გაგზავნოს, რათა გურიის მოსახლეობა საკვებით მაინც მოამარაგოს. ზოგიერთი სოფლიდან, რომელიც გარე სამყაროს სხვებზე მეტად მოწყვეტილია, მოსახლეობის ევაკუაციასაც ითხოვენ.

გურიის სოფელ შრომაში მცხოვრებმა მარი ჩხაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან და მისმა მეგობრებმა სახლში ჩაკეტილი მარტოხელა ქალი საკუთარი ძალებით გამოიყვანეს სახლიდან.

ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” აღნიშნა, რომ ლანჩხუთში 40-მდე სახლია დაზიანებული და მერიაში ზარები, პერიოდულად, სხვა სახლების დაზიანებასთან დაკავშირებითაც შედის.

მისივე თქმით, ზოგიერთ სოფელში სამაშველო ჯგუფები ჯერ კიდევ ვერ ჩადიან და მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ აქვთ. როგორც მერმა აღნიშნა, ასეთ სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრსა და 20 სანტიმეტრსაც კი მიაღწია.

“ლანჩხუთში ინტენსიური თოვლის შედეგად სერიოზული პრობლემები შეიქმნა. გურიაში უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. მუშაობა პირველივე დღიდან დაიწყო, თუმცა ის ტექნიკა, რაც იყო თავიდანვე მობილიზებული, სრულყოფილად ვერ წმენდს თოვლს. საჭიროა რკინის საბურავებიანი ტექნიკის მუშაობა. გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც ჯერ მოსახლეობასტან ფიზიკურად ვერ მივედით და კომუნიკაცია არ გვაქვს. ასეთ სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრსა და 20 სანტიმეტრს გადააჭარბა. ქალაქშიც თოვლი უკვე 1 მეტრამდეა. ყველა სამსახური ჩართულია სამუშაოებში, მაგრამ იმდენად ინტენსიურია თოვა, რომ გაწმენდისთანაე თავიდან ხდება გასაწმენდი. ამ ეტაპისტვის, შემიძლია ვთქვა, რომ კვლავ უმძიმესი მდგომარეობაა. მოსახლეობა ითხოვს შველას. 40-მდე სახლია დაზიანებული და კიდევ შემოდის ზარები, რომ თოვლის მასიდან გამომდინარე, სახლები ინგრევა”, – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა “რუსთავი 2-თან”.

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის პოსტის თანახმად, დიდთოვლობის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. “ყველაფერს ვაკეთებთ ძირითადი პრობლემების მოსაგვარებლად და მოსახლეობის დასახმარებლად”, – წერს ოზურგეთის მერი და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.

აღნიშნული პოსტის კომენტარებში მოქალაქეები წერენ, რომ ზოგიერთ სოფელში გზები არ გაწმენდილა და მოსახლეები საკუთარ ჭიშკრებამდე ვერ მიდიან.

“17 ფოტოდან ყველა საუბრისაა, ძირითადად კაბინეტში. რა ქნას ხალხმა, რომელიც ჭიშკარს იქეთ ვერ მიდის? უბრალოდ დიდი ნალექი მოვიდა, ელემენტარული ტრაქტორით გაწმენდა სჭირდება გზებს, სანამ დააყინავს ზედ. მერე მიხედავს ყველა თავის თავს. რამდენთან ვერ მივა სასწრაფო, რამდენი ვერ იყიდის საკვებს. დღეს ხომ არ გათოვებულა?”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

“ეს არის ბოროტება, რასაც ჩადიხართ. ხალხს ნუ ატყუებთ, ადამიანების სიცოცხლეა სასწორზე. ოზურგეთი ყოველთვის სათამაშო გეგონათ, ხალხს როგორც უყურებთ, მაგაზეც ჩანს.”

“ხელახლა გაწმენდაში რას გულისხმობთ? მაგალითად სოფელ შრომაში არაფერი გაწმენდილა აქამდე. საგანგაშო მდგომარეობაა, განსაკუთრებით ვაკეში, ზედუბანსა და ორმეთში, სახლები ინგრევა და ხალხი გარეთ ვერ გამოდის.”

“Ძალიან გთხოვთ, დაეხმარეთ დუაბზუს მოსახლეობას. დენი რომ არაა ის გვესმის, მაგრამ გზა არაა, რომ საჭმელი მაინც იყიდონ. ნუ დატოვებთ ბავშვებს მშივრებს და უყურადღებოდ. დაეხმარეთ, გზა მაინც რომ გაკვალოთ.”

ეს და სხვა არაერთი მსგავსი კომენტარი გვხვდება ზემოაღნიშნულ პოსტზე, რომელიც ოზურგეთის მერმა გამოაქვეყნა.

“ფეისბუქზე” შეიქმნა ჯგუფი “მოხალისეები გურიისთვის”, სადაც მოქალაქეები, რომლებსაც მაღალი გამავლობის ავტომობილები ჰყავთ ან რაიმე სახის ტექნიკას ფლობენ, რომლითაც გურიის მოსახლეობის დახმარებას შეძლებენ, თავად ცდილობენ სამაშველო ჯგუფების შექმნას. ამავე ჯგუფში გურიის მაცხოვრებლები შველას ითხოვენ, პირად ისტორიებს წერენ და სტიქიის შედეგად დანგრეული სახლების ფოტოებს აქვეყნებენ.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო, გადაიდო მატარებლის რეისები, მათ შორის, 26 თებერვლის ბათუმი-ოზურგეთის რეისიც.

სხვადასხვა ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ამინდის პროგნოზების მიხედვით, გურიის ქალაქებში კიდევ სამი დღის განმავლობაში გადაუღებლად მოთოვს.

სრულად წაკითხვა