რაგბი ევროპა | საქართველოს ჰეგემონია გრძელდება!

2 hours ago 2

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული მიჯრით მერვედ, სულ კი მე-17-ედ მოიპოვეს.

ეს არ იყო საქართველოს ნაკრების საუკეთესო თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და ამ ფონზეც ჩვენმა გუნდმა შეძლო და მეტოქე გადამწყვეტ ჯახში სოლიდური სხვაობით დაამარცხა. ესპანეთმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, რითაც თამაშს ინტრიგა შეუნარჩუნა, მაგრამ მეორე ტაიმის საწყის 25 წუთში ქართველთა გააფთრებულ იერიშებს ვეღარაფერი დაუპირსპირა.. მიუხედავად ამისა, მეტოქემ ღირსეული თამაშისთვის პატივისცემა დაიმსახურა ფინალურ თამაშსაც სტატუსისთვის საკადრისი დაძაბულობა შეუნარჩუნა.

საქართველოსთვის - ეს იყო მრავალმხრივ რეკორდული გამარჯვება! რაგბი ევროპის 23 გათამაშებიდან, 17 ბორჯღალოსნებმა მოიგეს და აქ მასთან გაჯიბრების შანსი არავის აქვს (რუმინეთმა მოიგო 5-ჯერ, ერთხელ პორტუგალიამ); საქართველომ მოიგო ზედიზედ მერვე ტიტული, რითაც შარშანდელი რეკორდი გააუმჯობესა; 2011 წლიდან ჩატარებული 15 ჩემპიონატიდან, 14-ჯერ საქართველომ იპირველა (2017 წელს თასი რუმინეთმა მოიპოვა), რაც უნიკალური შედეგია.

გვქონდა ინდივიდუალური რეკორდებიც. აკაკი ტაბიუცაძემ ფინალში სამი ლელო დადო, ჯამში, 51 სანაკრებო მატჩში 50 ლელო დაუგროვდა და მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა სიაში მეექვსე ადგილამდე აღზევდა! მან უკან მოიტოვა ლეგენდები - ირლანდიელი ბრაიან ოდრისკოლი, უელსელი ჯორჯ ნორთი, ახალ ზელანდიელი დაგ ჰაუელი და გაუტოლდა ინგლისელ რორი ანდერვუდს, რომელმაც სანაკრებო კარიერა 1996 წელს დაასრულა. ტაბუცაძის შემდეგი სამიზნე იაპონელი ჰიროტოკი ონოძავაა, რომელის მეხუთე ადგილს 55 ლელოთი იკავებს.

თავისი 120-ე კეპი მოიხვეჭა და რაგბი ევროპის ჩემპიონოს თასი მე-15-ედ(!) შემართა ალექსანდრე თოდუამ, რომელიც ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეორე ადგილზეა და ახლა მხოლოდ ორით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ დავით კაჭარავას. 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა ბექა გორგაძემ, ვანო კარკაძემ კი, პირველად გაიტანა ერთ სანაკრებო მატჩში 3 ლელო და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

ესპანეთმა დაგვიძაბა

ესპანელების კარგ თამაშთან ერთად, ბორჯღალოსნების შეცდომებისა და ხშირი ჯარიმების გამო, პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. ჩვენს გუნდს ბევრი რამ არ წაუვიდა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ პირველ 4 მატჩში, რიჩარდ ქოქრილის შეგირდებს ყველა დერეფანი მოგებული ქონდათ, ახლა კი შეცდომები დაუშვეს. შეცდომები იყო გადაცემებშიც, რის გამოც რამდენიმე მწვავე შეტევა არ შედგა და უჩვეულოდ ბევრჯერ დავჯარიმდით, რამაც მეტოქეს მატჩში დარჩენის შესაძლებლობა მისცა.

მნიშვნელოვანი იყო ქართული რაგბისთვის ჩვეული, მოლში ძლიერი თამაში, რამაც ჩვენს გუნდს ქულების აღების, დაწინაურების და თავდაჯერებულობის მოპოვების შესაძლებლობა მისცა. პირველ ნახევარში ეპიზოდურად კარგი იყო ხაზიც, რასაც ლამაზი ლელოები მოყვა, მაგრამ ერთი მათგანი ვიდეო-რეფერიმ გააუქმა.

საწყის წუთებში და ზოგადად პირველ ტაიმში, როგორც ჩანს ბორჯღალოსნებმა მატჩის მნიშვნელობის წნეხს ვერ გაუძლეს და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ამით ისარგებლეს ესპანელებმა და პირველ 20 წუთში კარში დარტყმული 3 შორეული ჯარიმიდან, ორი გონსალო ლოპეს ბონტემპომ ძელებსშუა გააძვრინა. ამ ორ ჯარიმას შორის იყო ეპიზოდი, როდესაც ცენტრის სიახლოვეს დანიშნული დერეფნის შემდეგ ვასილ ლობჟანიძემ დროული პაუზა გააკეთა, ხაზი გაჭრა და ლელოში დავით ნინიაშვილი შეუშვა, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, დერეფანში წესების დარღვევა დააფიქსირა და გაუქმებული ლელოს გარდა, მეტოქისგან მეორე გაშვებული ჯარიმა მივიღეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბურთაობა არ გამოგვდიოდა და ანგარიშშიც ჩამოვრჩით, საქართველოს ჯარიმის კარში დარტყმა არც უფიქრია, 22-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტია და ვანო კარკაძემ თავისი პირველი ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და თამაში რომ განახლდა ჩვენი ნახევრიდან კარგი ხელდახელ შეტევა წამოვიწყეთ, თუმცა არაზუსტმა პასმა ტაბუცაძეს ჯერ უკან, მერე კი განზე მოძრაობა აიძულა, ბოჭვის შემდეგ 22-თან ბურთი დაიკარგა, ესპანეთმა კონტრშეტევა ფრთაზე გაშალა და მათ ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.

საქართველომ ასეთ პირობებში მოლში მოპოვებული უპირატესობით ისარგებლა და 33-ე წუთზე ესტანისლაო ბეი სინბინით დაისაჯა, რასაც მორიგი მოლი უკვე ლელოს სიახლოვეს მოყვა და კარკაძემ დუბლი შეასრულა. თამაში რომ განახლდა მოედნის ცენტრში ესპანელების დერეფანში მოვიპოვეთ ბურთი, ის ხელდახელ სწრაფად ჩათამაშდა ფრთაზე, ტაბუცაძე იერიშში მაქსიმალური სიჩქარით ჩაერთო, ბოლო მცველს გვერდი აუარა და ფინალში თავისი პირველი ლელო გაიტანა. დაჩი პაპუნაშვილმა ეს გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მაგრამ ესპანელებმა ჯარიმით გვიპასუხეს და პირველი ტაიმი მხოლოდ 1 ქულით, 17:16 მოვიგეთ.

სრული დომინაციით

მეორე ტაიმი ბორჯღალოსნებმა უფრო მიბილიზებულებმა დაიწყეს, ბურთს გაუფრთხილდნენ და შეტევები ლოგიკური ქულებით დაასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ კარკაძეს ფაქტობრივად ლელოში ბურთი წინ დაუვარდა, ლუკა ივანიშვილმა იდეალური ბოჭვით ესპანელი თავის ლელოში შეიყვანა და 5-მეტრიანი შერკინება მოიპოვა, საიდანაც შეტევას ფორვარდების რამდენიმე მიძალება და ნიკა აბულაძის ლელო მოყვა. პაპუნაშვილმა გარდასახა, 49-ე წუთზე კი, ნინიაშვილის ფეხით შესანიშნავი თამაშის და 50/22-ის შემდეგ, კარკაძემ 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი თავისი მესამე ლელოთი დაასრულა და ჩვენს გუნდს 13-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა.

თამაში რომ განახლდა ნინიაშვილმა ჩვენს ნახევარზე ხაზი გაჭრა და ბურთი ფეხით ესპანელების ზურგში გადაკიდა, მას ტაბუცაძე მიყვა, ოვალს დაეუფლა და ბოჭვის მიუხედავად თავისი მეორე ლელო დაამიწა. 66-ე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, მერე კი ნინიაშვილის შესანიშნავმა ალღომ კიდევ უფრო დაგვაწინაურა. ის ჰაერში დაკიდებულ ბურთს ჩვენს ნახევარზე დაეუფლა, ცრუ მოძრაობით ერთი ესპანელი უსაქმოდ დატოვა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში ვასილ ლობჟანიძე შეუშვა, რომელმაც თავისი მე-19-ე სანაკრებო ლელო მიითვალა. ნინიაშვილმა გარდასახვით ანგარიში 41:16 გახადა.

ესპანელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლეს და 70-ე წუთზე ძალისმიერი ლელოთი გვიპასუხეს. 3 წუთში მოლი ბორჯღალოსნებმა ააგორეს, მერე ბურთი ფრთაზე ჩაათამაშეს და ტაბუცაძემ მატჩში მესამე, საქართველოს ნაკრების კვართით კი 50-ე ლელო გაიტანა. ბოლო წუთზე, უკვე თასის მომლოდინე მასპინძლებთან ესპანეთმა კიდევ ერთი გარდასახული ლელოს გატანა მოახერხა და საქართველომ საბოლოოდ 46:28 გაიმარჯვა.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ფინალი. 16 მარტი (კვირა). 18 000 მაყურებელი

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - ესპანეთი 46:28 (17:16)

საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ლიონი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. გიორგი კვესელაძე (გრენობლი).

8 ლელო: კარკაძე (3), ტაბუცაძე (3), აბულაძე, ლობჟანიძე

3 გარდასახვა: პაპუნაშვილი (2), ნინიაშვილი

rugby.ge

სრულად წაკითხვა