26 აგვისტოს, მოსკოვში დიდი ზარზეიმით აღნიშნეს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარების 18 წლისთავი.
„ტელევიზიებად“ წოდებულ პროპაგანდისტულ წუმპეებშიც სულ ამაზეა ლაპარაკი.
თითქოსდა თარიღი არ არის „მრგვალი, საიუბილეო“…..წინა წლებში ასეთი გნიასი არ ყოფილა.
ახლა რაშია საქმე?
შევეცადოთ ახსნა:
სეროჟა ლავროვის „პირი“ ზახაროვას განცხადება თუ წაიკითხეთ?
შინაარსში არაფერია საინტერესო.
არსებითი, სინამდვილეში, ამ ტექსტის „სულისკვეთებაა“.
ეს განცხადებაც და ხსენებული „ტელე-გნიასიც“ განმსჭვალულია მთავარი მახასიათებლით: რუსეთისთვის საქართველო იყო successful story ანუ „წარმატების ისტორია“!
განსხვავებით ამჟამად უკვე უკრაინისგან, განსხვავებით ამჟამად უკვე აზერბაიჯანისგან (ნახეთ რას უშვებათ ალიევი), განსხვავებით თვით ფაშინიანის სომხეთისგან…..2008 წელი მათთვის იყო „გამარჯვების ისტორია“ („Маленькая победоносная война“), როდესაც ვითომდაც „დაიცვეს მცირერიცხოვანი ხალხები“ ესე იგი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ მორალური გამარჯვებაც მოიპოვეს.
და მერე დასავლეთს „გააპრავებინეს“/აღიარებინეს კიდეც ეს „წარმატება“ იმ ცნობილი შვეიცარიელი მეძავის უსინდისო და ცრუ „დასკვნით“ – ბარაკ ჰუსეინ ობამას და ნაკომკავშირელი მერკელის ხელდასხმით რომ შეთითხნა შემდგომი Перезагрузка-სთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აი ჩვენ რომ ხშირად ვსვამთ კითხვას: რატომ უთმენს ამდენს პუტინი აფხაზ სეპარატისტებს, რომლებიც მოსკოვის „B კლასის“ ინტერესებში (აპარტამენტები, ბინების ყიდვა-გაყიდვა, „ახალი ათონის მონასტერი“, „პიცუნდა“, დიდი პრივატიზება, დასავლური NGOების გაყრა) არანაირ დათმობაზე არ მიდიან?
პასუხი: იმიტომ უთმენს „ამდენს“, რომ თვით რუსული სოციუმი აღიქვამს აფხაზურ-ოსურ „ანტიგრუზინულ“ ქეისს „წარმატების ისტორიად“, ხოლო აფხაზ სეპარატისტებთან ღია კონფრონტაცია ამ მასობრივი სოციალური აღქმის „შერყვნა“ იქნებოდა!
არც ისე ხშირია რუსეთის ისტორიაში ამგვარი ქეისები სხვათა შორის.
ძლევამოსილი იმპერიული ომები, სამხედრო გამარჯვებები უამრავია რასაკვირველია, მაგრამ ა ს ე თ ი – ძალიან იშვიათი.
ოღონდ…… რამ განაპირობა, რომ მოსკოვმა, ჩვენდა სამარცხვინოდ, მოახერხა შეექმნა Successful story სწორედ საქართველოსგან?
აზერბაიჯანისგან რატომ ვერ შექმნა? იქ რატომ დამარცხდა არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით (ბოლოს ჯარიც გაიყვანა ყარაბაღიდან) არამედ პოლიტიკურად და მორალურადაც? – სომხეთი ხომ მისი უერთგულესი ისტორიული მოკავშირე იყო…….. „მიატოვა“ და ახლა სომხეთსაც კარგავს?
იმიტომ, რომ „საქართველომ“, ანუ უპასუხისმგებლო, უნიათო და უნიჭო ქართულმა ელიტებმა, განსხვავებით აზერბაიჯანული ელიტებისგან, ჯერ გამანადგურებელი სამოქალაქო ომი გააჩაღეს, შემდეგ კი მოსკოვს მისცეს საშუალება ლ ე გ ი ტ ი მ უ რ ა დ (!!) მოეკიდებინა ფეხი ორივე კონფლიქტის ზონაში!
აზერბაიჯანს არ შემოუყვანია ყარაბაღში რუსი „სამშვიდობოები“ ომში დამარცხების შემდეგ 1994 წელს. ანუ „ფეხი არ მოაკიდებინა“ იქ.
შემოიყვანა მხოლოდ (ესეც ფორმალურად) 2020 წელს, როდესაც ბრძოლის ველზეც და პოლიტიკურ ასპარეზზეც ო მ ი მოიგო.
და როდესაც თბილისი თავად დაეთანხმა რუსული სამხედრო ძალის საერთაშორისო-სამართლებრივ (!) ლ ე გ ი ტ ი მ ა ც ი ა ს ცხინვალსა და აფხაზეთში (1992 წლის „დაგომისის ხელშეკრულებით“ და 1994 წლის „მოსკოვის ხელშეკრულებით“), ამით თვითონ „მოაწერა ხელი“ , რომ ადრე თუ გვიან მოხდებოდა ის, რაც მოხდა 2008 წლის 26 აგვისტოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საბოლოოდ კი, თუ კიდევ უფრო ღრმა Zoom Out-ს გავაკეთებთ, პროცესთა „ძირის ძირს“ მოვიძიებთ, „დიდ სურათს“ შევხედავთ და საკითხს ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ, „ამოსავალი“ ამ ისტორიული მარცხისა ისევ და ისევ…… დიახ ისევ და ისევ……არის ის საზარელი დანაშაული, რაც ე.წ. „ელიტარულმა ინტელიგენციამ“ (აი იმ რეგვენმა და უპასუხისმგებლო „ელდარ ღოღობერიძეებმა“ და „ლანა შენგელაიებმა“….) ჩაიდინეს საქართველოს მომავლის წინაშე, როდესაც კრიმინალურ ნაძირალათა და ГРУ-ს მსტოვართა ბანდას ახლადშობილი სახელმწიფოს (არა ცუდი თუ კარგი ხ ე ლ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს, არამედ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს!!) დამხობა „გაუპრავეს“.
(და რაც დარჩა იმ დამხობის შემდეგ, მოსკოვის იოლ „სათამაშოდ“ იქცა, რასაც ხელს ყველაფერზე „მოაწერინებდა“ უკვე).
დიახაც იმ პირუტყვ კრიმინალებს კი არა, არამედ სწორედ მათ მოეკითხებათ ამ დანაშაულისთვის ისტორიულად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აბა მე რა შემიძლია….. ბევრი არც არაფერი…… თუმცა რაც შემიძლია, ამისთვის (მრისხანე და უმოწყალო ისტორიული სამსჯავროსთვის) ყველაფერს გავაკეთებ!
საერთაშიროსო alia.ge