სააგენტო "პარალელი"
“რამდენი რამ დაემთხვა საბედისწეროდ საბერიოს ტრაგედიაში…” – ლაშა ბერულავა
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა გალის რაიონში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შესახებ საუბრობს…:
“ახლა რომ ფიქრობ და აანალიზებ, რამდენი რამ დაემთხვა საბედისწეროდ საბერიოს ტრაგედიაში:
ბავშვების დედა კლინიკაში იწვა;
ბავშვების მამა ცოლის სანახავად იყო წასული;
ბავშვებს ეძინათ (ხომ შეიძლებოდა, 4 თვის ჩვილს გაჰღვიძებოდა და ყველანი გაეღვიძებინა ტირილით);
ბავშვების ბებიამ იფიქრა, ადრე ავდგები, ღუმელს გავახურებ, ბავშვებს თბილ ოთახს დავახვედრებო;
დედა***ლი დენი არ იყო და ბებიას ბენზინიანი ჭურჭელი იმაში აერია, რომელშიც სალიარი ესხა…
(ბენზინს მცირე ჭურჭლებში სოფლებში ინახავენ, მაგალითად, მხარზე გადასაკიდებელი ელექტროცელებისთვის).
ერთი, ერთი დეტალი მაინც შეცვლილიყო…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლაშა ბერულავა და ასევე აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით:
“ რა მოხდა? – საბოლოო დეტალები:
ბავშვების დედა ზუგდიდში, კლინიკაში მკურნალობდა, ბავშვების მამა კი ცოლის სანახავად იყო წასული. ბავშვების ბებიამ დილით, როცა ხუთივე ბავშვს ეძინა, იმ ოთახის გათბობა დააპირა, სადაც ოჯახის წევრებს მთელი დღე უნდა გაეტარებინათ. ამისთვის შეშის ღუმელის გახურება იყო საჭირო, რისთვისაც, როგორც წესი, სალიარს იყენებენ, რათა შეშას კარგად წაეკიდოს.
რადგან იმ დროისთვის დენიც არ იყო, ბებიას სალიარიანი და ბენზინიანი (ელექტროცელისთვის ინახავდნენ სათავსო ოთახში) ჭურჭლები ერთმანეთში აერია და ღუმელში შედებულ შეშის ნაჭრებს ბენზინი მიასხა, რამაც ძლიერი აალება გამოიწვია, ცეცხლის ალი ღუმელს გამოსცდა და ბენზინიან ჭურჭელს მისწვდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოხუცს აალებული ჭურჭელი ხელიდან გაუვარდა, ბენზინი თითქმის მთელ ოთახში გაიფანტა, შესაბამისად, ალმაც იმატა.
ქალმა ჯერ ბავშვების გაღვიძება და გამოყვანა სცადა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ამას მარტო ვერ შეძლებდა, საშველად მეზობლებს უხმო. ბავშვების ბებია და რამდენიმე მეზობელი თავგანწირვით ცდილობდნენ ბავშვების გამოყვანას ალმოდებული საძინებლიდან, დაშავდნენ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვებს ვერაფერი უშველეს. დაღუპულები არიან:
ანა-მარია ჭოლარია,
ემილია ჭოლარია,
ნია ჭოლარია,
ელენე ჭოლარია,
სოფია ჭოლარია.
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა 6 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა“
“რამდენი რამ დაემთხვა საბედისწეროდ საბერიოს ტრაგედიაში…” – ლაშა ბერულავა
პარალელი