ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი:
„ახლა, რა ხდება ჩემი აზრით.
ამ აქციების გამო ბიძინა ივანიშვილს ხუხულასავით ენგრევა სტაბილურობის გარანტის იმიჯი, რაც მნიშვნელოვანია მისი ლეგიტიმაციისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მეტიც, ხელისუფალი, რომელიც სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს, რუსეთსაც კი არ ჭირდება. შესაბამისად ბიძინა ცდილობს ჩაახშოს პროტესტი და რაც შეიძლება სწრაფად. კერძოდ, ის რუსულ-ოლიგარქიული პრაქტიკიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ თუ დაიჭერს და გაანეიტრალებს აქციის ორგანიზატორებს, აქციებიც ჩაცხრება.
ეს ყველაფერი შეიძლება გასაგები და ახსნადი იყოს ავტორიტარიზმის პოზიციიდან, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ამ აქციებს არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი. არც რომელიმე ორგანიზაციაა ასეთი და არც რომელიმე პიროვნება. ივანიშვილს კი ვერ წარმოუდგენია, რომ ასეთი მასშტაბური აქციები თვითდინებით და თვითორგანიზებით ხდება. ასეთ რამეს ის უბრალოდ არ უშვებს. ამიტომ ჯიუტად ეძებს კატას ბნელ ოთახში, მიუხედავად იმისა, რომ იგი იქ არ იმყოფება.
არავინ იცის მისი ეს არაადეკვატური ძიებები რა დონის რეპრესიებში გადაიზრდება. დიქტატურის დამყარების მცდელობის საფრთხე არის სრულიად რეალური, ამის პასუხი კი ქართული საზოგადოებისგან შეიძლება იყოს მხოლოდ მეტი სიმტკიცე, მეტი ორგანიზებულობა და მეტი პროტესტი. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ასევე ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ რა დონის ზეწოლა იქნება დასავლეთიდან და რა ბერკეტები იქნება გამოყენებული ამ რუსული ტიპის “ბესპრედელის” შესაჩერებლად. ამ მიმართულებითაც საჭიროა სერიოზული მუშაობა.
მოკლედ, სიტუაცია სერიოზულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უიმედო. რას არ მოვსწრებივარ ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ოღონდ ასეთი მრავალრიცხოვანი აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით მე არ მახსოვს. ამხელა ენერგია ვერ გაქრება და ვერ აორთქლდება (იხ. ფიზიკაში ენერგიის მუდმივობის კანონი). მით უმეტეს, რომ ივანიშვილის ძალაუფლება დღეს მხოლოდ ძალადობაზე, ძალოვანი სტრუქტურებისა და ზონდერი კრიმინალების მხარდაჭერაზე დგას. ისინი ცოტანი არიან, ჩვენ ბევრნი ვართ. მაგათ მართლა 54 პროცენტი ხომ არ ჰგონიათ თავი?“