რას ჰპირდებოდა “ქართული ოცნება” გორელებს 2021-2025 წლებისთვის და რა რეალობაა დღეს?

1 week ago 9

“ქართული ოცნების” ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გორის მოსახლეობისთვის წარმოდგენილი პროგრამა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ გეგმებს მოიცავდა. მისი მიზანი იყო გორისა და ზოგადად შიდა ქართლის ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ხელშეწყობა და სოციალურ-კულტურული გარემოს გაუმჯობესება. დაპირებები სხვადასხვა სფეროს ეხებოდა – სოფლის მეურნეობიდან და ენერგეტიკიდან – ტურიზმამდე. 2025 წლის ოქტომბერში არჩეული თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადა იწურება. შესაბამისად, NEO TV – ს ანალიტიკური გუნდი დაინტერესდა რა შესრულდა და რა ვერ განხორციელდა იმ დაპირებებიდან, რომელსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები 2021 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში აჟღერებდნენ.

წინასაარჩევნო დაპირებებს შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ინფრასტრუქუტურული პრობლემების მოგვარება იყო. მაგალითად, 2021–2025 წლებში, გორის მუნიციპალიტეტში ათეულობით გზების და ხიდების რეაბილიტაცია, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების განახლება უნდა განხორციელებულიყო, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა 9000 ოჯახს უნდა ჰქონოდა, და სკვერების/ საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა უნდა დასრულებულიყო.

“ქართული ოცნების” დაპირებები (2021):

შესრულების მდგომარეობა:

2021 წლიდან დღემდე ადგილობრივი თვითმმართველობა თავს ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებით იწონებს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პროექტების ნაწილი დასრულდა (მაგალითად, შარტავას ქუჩის, მეჯვრისხევის გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია), თუმცა რამდენიმე პროექტი, განსაკუთრებით სოფლის გზების მიმართულებით, დაგვიანებული ან ნაწილობრივ შესრულებულია. მიზეზად ხშირად ტენდერის გაჭიანურება და სამშენებლო მასალებში ინფლაციური ზრდა სახელდება.

ერთ-ერთი დაპირება წყალმომარაგებას ეხებოდა. “ოცნების” საარჩევნო პროგრამის მიხედვით, 2021–2023 წლებისათვის დაგეგმილი იყო დაახლოებით 11 მლნ ლარის ინვესტიცია ამ მიმართულებით. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, (ძირითადად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში), მაგრამ არსებობს სოფლები, (მაგალითად, ტყვიავი, წედისი და ა.შ), სადაც წყლის სისტემების სრულფასოვანი რეაბილიტაცია ჯერ ისევ არ დასრულებულა.

2025 წლის ბოლომდე გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა “ოცნებისგან” ინტერნეტიზაციის შესახებ დაპირების შესრულებასაც ელოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაღალსიჩქარიანი ქსელის პროექტი ნაწილობრივ ამოქმედდა, თუმცა ნაცვლად დაპირებული 46 დასახლებული პუნქტისა ამ დროისთვის გავრცელება ჯერჯერობით მხოლოდ 18 მათგანში დასრულდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაპირებების დიდი ნაწილი “გაჭიანურებული შესრულების” კატეგორიაშია, რაც მომავალში ფინანსურ და სოციალური უკმაყოფილების რისკს ზრდის.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს ფინანსურ პროგრამებს, დაპირების მიხედვით, “დანერგე მომავალი”, “აგროდაზღვევა”, ტექნიკის თანადაფინანსება და 2024 წლამდე მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულება იყო დაგეგმილი. “ოცნება” საარჩევნო პროგრამაში წერდა, რომ სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ფართობების 18,367 ჰა-მდე გაზრდა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება მოხდებოდა. პროგრამა მიმდინარეობს, მაგრამ აღნიშნული მიმართულებები 2024 წლისთვის, სრულად ფაქტობრივად ვერ განხორციელდა და პროცესი 2025–2026 წლებზე გადანაწილდა.

კვლევის მიხედვით, სარწყავი სისტემის ფართობების ზრდა მიმდინარე პროცესია, ხოლო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება შიდა ქართლში ამ ეტაპისთვის ისევ დაგეგმის ეტაპზეა. მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გარკვეული გრანტები გაიცა, თუმცა ადგილობრივების ნაწილი მიუთითებს, რომ თანადაფინანსების ეტაპები და პირობები გათთვის გარკვეულ სირთულეებს ქმნის.

“სოფლის მეურნეობაში შესრულების დაბალი ტემპი ქმნის იმ შთაბეჭდილებას, რომ მთავრობა უფრო სტატისტიკურ ზრდაზეა ორიენტირებული, ვიდრე რეალურ ეფექტიანობაზე“, -აცხადებენ ანალიტიკოსები.

მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ახალმა საწარმომ და სასტუმრომ მართლაც დაიწყო ფუნქციონირება, თუმცა მათი რაოდენობა და მასშტაბი ვერ აკმაყოფილებს დასაქმების დაპირებულ ზრდას და შესაბამისად, უმუშევრობის შემცირების დაპირება შეუსრულებელი რჩება. სტატისტიკის მიხედვით, გორში და ზოგადად რეგიონში, დასაქმების მაჩვენებლები კვლავ სტაგნაციაშია.

2021 წლის წინასაარჩევნო დაპირება ტურიზმსაც ეხებოდა, კონკრეტულად კი უნდა მომხდარიყო ტურისტული მარშრუტების განვითარება, ინფრასტრუქტურის გამართვა და 2025 წლისთვის საქართველოში 10 მილიონამდე ტურისტის შემოსვლაში, მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ გორს უნდა შეეტანა. ამ დრომდე კი განხორციელდა მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები (სამისამართო აბრები, საპიკნიკე ზონები, ტურისტული ცენტრის მოწყობა) და უცხოელი ტურისტების რაოდენობა 2022–2023 წლებში პანდემიის შემდეგ მართლაც გაიზარდა, მაგრამ მასშტაბური ზრდა არ შეინიშნება და გორის, როგორც ტურისტული ჰაბის პოტენციალი სრულად ვერ იქნა გამოყენებული და მუნიციპალიტეტს არც ახალი მსხვილი ტურისტული ობიექტები დაემატა.

ეს ვითარება ტურიზმში არსებული პროექტების “დაბალი ინტენსივობის” რეჟიმში მიმდინარეობაზე მიანიშნებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სფეროში დიდი სტრატეგიული ნახტომი არ მომხდარა.

2022–2025 წლებისთვის “ქართულმა ოცნებამ” გორში მნიშვნელოვანი დაპირებები გასცა, რომელთა ნაწილი შესრულდა, ნაწილი – მიმდინარეობს, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი – შეუსრულებელი ან გადავადებულია.

დაპირებებისა და რეალობის შედარებისას ანალიტიკოსებმა ყველაზე პრობლემური საკითხები გამოავლინეს:

  • ინფრასტრუქტურული პროექტების გრაფიკის მუდმივი გადაცილება.
  • სოფლის მეურნეობის სერვისების დაგვიანება.
  • დასაქმების და ეკონომიკური დივერსიფიკაციის დაბალი დონე.
  • ტურიზმის პოტენციალის შეუსრულებელი გამოყენება.

როგორც კვლევიდან იკვეთება, ხელისუფლება ადგილობრივ დონეზე ხშირად იყენებს “პროექტების დაწყების” დემონსტრირებას პოლიტიკური მხარდაჭერის გასამყარებლად, მაშინ როდესაც პროექტები წლების შემდეგ ან საერთოდ ვერ სრულდება, შესაბამისად ასეთივე ტემპში დგება პროექტების მოსალოდნელი შედეგიც.

დაპირებების შესრულების ანალიზი სრულად:

სრულად წაკითხვა