რატი დურგლიშვილის დედას შვილის მომღერლობა არ უნდოდა – „მას მოქანდაკის საუკეთესო მონაცემები ჰქონდა”

1 week ago 2

  რატი დურგლიშვილის დედას შვილის მომღერლობა არ უნდოდა - „მას მოქანდაკის საუკეთესო მონაცემები ჰქონდა"

„ჩემში სიყვარული დედისგან დაიბადა. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. დედა არის ყველაზე დიდი იმედი. არის დღეები, როცა ვერ ვეკონტაქტები და ორი დღე რომ გადაცდება და არ დავურეკავ, მებუტება… ბავშვობაში ვიყავი ძალიან მორწმუნე, სულ ვლოცულობდი და ღმერთს, პირველ რიგში, იმას ვთხოვდი, რომ დედა ყოფილიყო კარგად…
ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო, როცა 6 თვე ამერიკაში ვცხოვრობდი, ლოს ანჯელესში, სადაც სულ მზე, ბედნიერება იყო, მაგრამ ვდარდობდი… ჩვენ შორის 12-საათიანი დროის სხვაობა იყო, მე ვიღვიძებდი, ოჯახი იძინებდა. მახსოვს ერთი ასეთი ზარი: დავრეკე და რძალმა მიპასუხა – დედა გელოდებოდა და ჩაეძინაო. ეს სიტყვები ძალიან მძიმე იყო ჩემთვის… ზოგადად ემიგრანტების თემა ჩემთვის ძალიან სენსიტიურია, დედები რომ მიდიან და შვილები ენატრებათ…”, – ყვება მომღერალი რატი დურგლიშვილი დედაზე, მანანა ომიაძეზე, ერთ-ერთ ინტერვიუში.
რატიმ სწორედ ამერიკაში გაიგო მამის, კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის ავადმყოფობის შესახებ, საქართველოში დაბრუნდა და ოჯახს გვერდიდან არ მოშორებია იმ რთულ პერიოდში. ბატონ ვაჟას თურქეთში სამკურნალოდაც რატი გაჰყვა. მათი ოჯახი ყოველთვის ასეთი შეკრულია, ერთმანეთზე ზრუნავენ და პატივს სცემენ. რატის თქმით, დედამ გაბრაზებით მხოლოდ ერთხელ შეხედა, როცა საყურით დახვდა და ისიც მხოლოდ წამიერად.
ქალბატონმა მანანამ „სარკის” ერთ-ერთ ინტერვიუში იხუმრა, რომ ნაბოლარა ვაჟმა ორჯერ გაუცრუა იმედი. პირველად – დაბადებისთანავე. დარწმუნებული იყო, რომ გოგოს გააჩენდა და მეორეც ბიჭი ეყოლა. მეორედ კი მოგვიანებით, როცა რატიმ მოქანდაკეობაზე უარი თქვა და სიმღერა აირჩია. თუმცა ახლა შვილის წარმატებებით ძალიან ამაყობს, მისი არჩევანით ბედნიერია.

ქალბატონი მანანა 27 წლის იყო, როცა ბედი 31 წლის კომპოზიტორს დაუკავშირა. ორივენი მაშინდელ პიონერთა სასახლეში მუშაობდნენ. ახალგაზრდა მანანა მეთოდისტი გახლდათ, ბატონი ვაჟა – პედაგოგი. გთავაზობთ ქალბატონ მანანასთან ინტერვიუს „სარკის“ არქივიდან.
მანანა ომიაძე:
– ქორწინებიდან ერთ წელიწადში ბექა გაჩნდა. დედობა არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. ჩვენი პირველი შვილის დაბადებას დურგლიშვილები მოუთმენლად ელოდებოდნენ. ჩემს დედამთილს და მამამთილს ორი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავდათ. ვაჟებიდან პირველი შვილიშვილი ბექა იყო და თან ისიც – ბიჭი.
რატიზე ვფიქრობდი, რომ გოგო იქნებოდა. ბოლო წუთამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგო უნდა გამეჩინა. როცა მითხრეს, ბიჭი გეყოლაო, თვალები არ გამიხელია. მეუღლეს, რა თქმა უნდა, ვაჟის შეძენა ძალიან გაუხარდა. ბექა რატიზე წელიწადითა და 3 თვითაა უფროსი.
– როგორც ვიცი, თქვენს უფროს ვაჟს სახელი კომპოზიტორმა რევაზ ლაღიძემ შეურჩია. როგორ მოხდა მისი ,,ნათლობა”?
– კი, ბექას სახელი რევაზ ლაღიძემ დაარქვა. შაბათს სახლში სტუმრებს ველოდებოდით. მე პარასკევს ვიმშობიარე და მეორე დღეს სუფრასთან უკვე ბექა ადღეგრძელეს. რატის სახელი მე დავარქვი. მამამთილს ბაგრატი ერქვა და მისი სახელი ცოტა შევალამაზე.
– ბავშვების გაზრდაში მამა თუ მონაწილეობდა?
– ბავშვებს ორივე ერთად ვზრდიდით. ბექას და რატის საბავშვო ბაღში მიყვანა საშინელება იყო, წივილ-კივილით მიგვყავდა. როცა ბაღში ვერ ვტოვებდით, ერთი მე მიმყავდა სამსახურში, მეორე მანქანაში ვაჟას ეჯდა.
– მუსიკალური განათლება ორივე შვილს აქვს?
– მუსიკალური განათლება ორივე შვილს მივაღებინეთ, მაგრამ ბექამ შემდეგ თავი დაანება, კატეგორიულად არ უნდოდა, მუსიკაზე ევლო. ვაძალებდით, მაგრამ ვერაფრით ვიმორჩილებდით. ინსტრუმენტთან სამეცადინოდ რომ დავსვამდი, მუშტშეკრული ჯდებოდა, ხელს არ შლიდა. არც რატიმ გააგრძელა მუსიკალური განათლების მიღება, სპეციალობით მუსიკოსი არ არის, მხატვარია. ხელოვნების გიმნაზია დაამთავრა სახვითი ხელოვნების განხრით, მაგრამ სიმღერისთვის თავი არასოდეს დაუნებებია. გიმნაზიაში ოპერა “კონკია” დადგეს. მაკა ზამბახიძემ და რატიმ ამ ოპერაში მონაწილეობისთვის იუნისეფ-ის სერთიფიკატი მიიღეს.
– ანუ ამ ასაკიდან იწყება რატის და მაკას მეგობრობა?
– სკოლის პერიოდიდან. სკოლაში ერთად სწავლობდნენ. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ. რატი და მაკა სულ სიცილი-კისკისით დადიოდნენ. ისინი, როგორც სისხლით ნათესავები, ისე არიან.
– ბექა და რატი ხასიათით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
– კი. რატი რბილი, დამჯერი, თბილი, მგრძნობიარე ბავშვი იყო, ბექა კი – ცელქი და ჯიუტი. ვაჟა ორივესთვის ერთნაირ მანქანებს ყიდულობდა. ბექა 15 წუთში დაამტვრევდა, მერე რატის მანქანაზე გადადიოდა და ამაზე სულ ჩხუბობდნენ. რატი თავიდანვე სხვანაირი ბავშვი იყო, მამასაც ჰგავს და მეც. არ ვიცი, საიდან მოდის ამათგან ასეთი თბილი აურა. ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომ მათზე გულგრილად ელაპარაკოს.
– სკოლაში როგორ სწავლობდნენ?
– რატი თავიდანვე კარგი მოსწავლე იყო, ინგლისურზეც დამყავდა. გიმნაზიაშიც კარგად სწავლობდა. მოქანდაკის საუკეთესო მონაცემები ჰქონდა. პედაგოგები გვეუბნებოდნენ, არაჩვეულებრივი ნიჭის პატრონიაო, მაგრამ ძალიან ზარმაცი იყო.
– გინდოდათ ან ელოდით, რომ მომღერალი გამოვიდოდა?
– ვაჟას უნდოდა, მაგრამ მე – არა. თავის სპეციალობაში ისეთი მონაცემები ჰქონდა, რომ არ მინდოდა, მომღერალი გამოსულიყო. რატი სცენაზე 5 წლიდან დგას. იმედი მქონდა, რომ გარდატეხის ასაკის შემდეგ სიმღერას თავს დაანებებდა, რადგან ცოტა დაკომპლექსდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ინსტიტუტში სტუდენტური დღეები რომ დაიწყო, ვუთხარი, რომ ემღერა. იმღერა და იმის მერე მღერის და მღერის.
ბექა დაოჯახებულია. პროფესიით სტომატოლოგია, ზოოვეტერინარული ინსტიტუტიც დაამთავრა, ტყავ-ბეწვეულის ტექნოლოგია. საბოლოოდ ბექაც მუსიკას გაჰყვა.
– რატის თაყვანისმცემელი გოგონების არმია ჰყავს, დაქორწინებას კი არ ჩქარობს. არ ეუბნებით, რომ ცოლის მოყვანის დროა?
– კი, როგორ არა, ვეუბნებით, რომ დროა დაოჯახდეს, მაგრამ არ გვიჯერებს. კანდიდატების არჩევაში მე არ ვერევი. მიუხედავად იმისა, რომ სულ გარეთაა, ოჯახური სითბო ძალიან უყვარს. ვფიქრობ, რომ ოჯახის არაჩვეულებრივი, მზრუნველი უფროსი იქნება.
– როგორი გოგონა წარმოგიდგენიათ მის გვერდით?
– რატის მეუღლე, პირველ რიგში, მისი მეგობარი უნდა იყოს. ოჯახი უნდა უყვარდეთ და სხვა დანარჩენი ყველაფერი თავისთავად იქნება.
– როცა რატი ვინმეთია გატაცებული, ამას ოჯახში ატყობთ ხოლმე?
– ადრე უფრო ვიცოდი, ახლა – ნაკლებად. ხანდახან თუ წამოვაცდენინებ რაღაცებს.
– რატი სიმღერებსაც წერს. როდის, რა გარემოში მუშაობს ხოლმე?
– ხან – როდის და ხან – როდის. ხანდახან, დილით რომ ადგება, ინსტრუმენტთან დაჯდება. გააჩნია, როდის მოუვა მუზა. ვინმეს თანდასწრებით მუშაობა არ უყვარს. როცა ხატავდა, მაშინაც ყოველთვის ჩაკეტილი იყო, რომ სხვას არ ენახა.

სრულად წაკითხვა