დღესდღეობით სმარტფონი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია — ვკითხულობთ ამბებს, ვეკონტაქტებით ახლობლებს, ვუყურებთ ვიდეოებს და ვსქროლავთ სოციალურ ქსელებს. თუმცა ხშირად ეს ჩვევა ძილის წინაც გადაგვაქვს, რაც დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს — ძილს.
გთავაზობთ 5 მთავარ მიზეზს, რატომ უნდა თქვათ უარი ტელეფონის გამოყენებაზე ძილის წინ:
1. ლურჯი შუქი აჩერებს მელატონინის გამომუშავებას
ტელეფონის ეკრანი გამოყოფს ე.წ. ლურჯ შუქს, რომელიც ტვინს აგრძნობინებს, თითქოს ჯერ კიდევ დღის შუქია. შედეგად, ორგანიზმი ვერ იწყებს მელატონინის (ძილის ჰორმონი) გამომუშავებას, რაც ართულებს ჩაძინებას და აჩენს უძილობის სიმპტომებს.
2. არღვევს ძილის ციკლს
ტელეფონის გამოყენება ძილის წინ ტვინს აქტიურ რეჟიმში ტოვებს — თქვენ ფიქრობთ შეტყობინებებზე, პოსტებზე, ვიდეოებზე და სიახლეებზე. ეს აჩენს მოჭარბებულ სტიმულაციას და აფერხებს ტვინის "გამორთვის" პროცესს, რომელიც საჭიროა ღრმა და ხარისხიანი ძილისთვის.
3. ზრდის შფოთვას და სტრესს
სოციალური ქსელები და შეტყობინებები ხშირად ემოციური დატვირთვით გამოირჩევა — შესაძლოა, დაგხვდეთ ნეგატიური სიახლეები, კონფლიქტური მიმოწერები ან შედარება სხვებთან, რაც ზრდის შფოთვას. ეს კი ძილის წინ ყველაზე ცუდია — თქვენ ვერ ისვენებთ, ფიქრობთ ზედმეტად და ღამით შესაძლოა ხშირად გაიღვიძოთ.
4. დრო სწრაფად გადის და გვიან იძინებთ
„ხუთი წუთით შევხედავ და დავიძინებ“ — ეს წინადადება ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ სინამდვილეში ხუთი წუთი მარტივად გადაიქცევა ერთ საათად. ასე ირღვევა ძილის რეჟიმი, იკლებს ძილის ხანგრძლივობა და დილით გაღვიძება გიჭირდებათ.
5. უარყოფითი გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე
დარღვეული ძილი დროთა განმავლობაში იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, კონცენტრაციის პრობლემებს, წონაში მატებას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკსაც კი. ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა — ტელეფონში „მარტო რაღაცის გადამოწმება“ — შესაძლოა დიდი ჯაჭვური შედეგის მიზეზად იქცეს.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
ტელეფონი 30-60 წუთით ადრე გავთიშოთ ან გადავდოთ გვერდზე;
ძილის წინ წავიკითხოთ წიგნი ან მოვუსმინოთ დამამშვიდებელ მუსიკას;
დავნერგოთ ძილის რუტინა, მაგალითად, ფინჯანი ბალახის ჩაი და მბუნდავი განათება;
საჭიროების შემთხვევაში, ჩავრთოთ „ღამის რეჟიმი“ ან ლურჯი შუქის ფილტრი, თუმცა ესეც მხოლოდ დროებითი გამოსავალია.
ტელეფონის გამოყენება ძილის წინ უკვე რუტინად გვექცა, თუმცა დროა დავფიქრდეთ — ღირს კი ის 15-20 წუთიანი სიამოვნება იმ ძილის ფასად, რომელიც ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აყალიბებს? უძილობა არ იწყება ერთ დღეში, მაგრამ პატარა ჩვევების შეცვლა — სწორედ იქიდან იწყება.